ენდრიუს დაკავების შესახებ BBC იუწყება. მისი ინფორმაციით, ყოფილი პრინცი ეჭვმიტანილია სამსახურებრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებაში. საქმე ეხება პერიოდს, როცა ენდრიუ სამეფო ოჯახის წევრი იყო.
პოლიციამ ყოფილი პრინცი თავის დაბადების დღეს, 19 თებერვალს დააკავა.
მანამდე, ამ კვირაში ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის პოლიცია განიხილავს საჩივარს, რომელიც უკავშირდება ენდრიუს მიერ ჯეფრი ეპსტინისთვის კონფიდენციალური მასალების მიწოდებას.
BBC-ს ინფორმაციით, აშშ-ში ახლახან გასაჯაროებული დოკუმენტების მიხედვით, პრინცი ენდრიუ, რომელიც 2001-2011 წლებში ბრიტანეთის სავაჭრო წარმომადგენელი იყო, ეპსტინს უგზავნიდა ინფორმაციას თავის ვიზიტებზე სინგაპურში, ჰონკონგსა და ვიეტნამში და კონფიდენციალურ დეტალებს შესაძლო ინვესტიციებისთვის. ამ მასალების გასაჯაროების შემდეგ ბრიტანეთის პოლიციას გამოძიებისთვის მიმართა ანტიმონარქიულმა ორგანიზაციამ Republic.
დღეს, 19 თებერვალს ენდრიუ მაუნტბეტენ-უინძორს 66 წელი შეუსრულდა.
BBC-ს და სხვა ბრიტანული მედიასაშუალებების მიერ ყოფილი პრინცის დაკავების შესახებ პირველი ცნობების გავრცელებიდან მალევე პოლიციამ გამოაქვეყნა ოფიციალური განცხადება, რომ საჯარო სამსახურში გადაცდომის ეჭვის გამო დაკავებულია 66 წლის მამაკაცი ნორფოლკიდან და ჩხრეკა მიმდინარეობს მისამართებზე ნორფოლკსა და ბერკშირში. პოლიციას ეჭვმიტანილის კონკრეტული ვინაობა არ დაუსახელებია.
2025 წლის ოქტომბერში დიდი ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამემ უმცროს ძმას, იორკის ჰერცოგ პრინც ენდრიუს ოფიციალურად ჩამოართვა ყველა ტიტული. ენდრიუმ დატოვა უინძორის სასახლეში თავისი რეზიდენცია Royal Lodge-იც და საცხოვრებლად გადავიდა ნორფოლკის საგრაფოში მდებარე კერძო მამულში.
მეფის გადაწყვეტილება განაპირობა სკანდალმა, რომელიც უკავშირდება ჯეფრი ეპსტინთან ენდრიუს ურთიერთობას. მათი მეგობრობა და 2000-იანი წლების დასაწყისში არასრულწლოვანებზე სექსუალური ძალადობა წლებია ყურადღების საგანია. ენდრიუ ძალადობას ყოველთვის უარყოფდა.
2022 წელს დედის, დედოფალ ელისაბედ მეორის თანხმობით, პრინც ენდრიუს ჩამოართვეს სამხედრო წოდებები და სამეფო პატრონაჟი მას შემდეგ, რაც პრინცის ადვოკატებმა ამერიკული სასამართლო ვერ დაარწმუნეს, შეეწყვიტა სექსუალური ძალადობის შესახებ ენდრიუს მიმართ არსებული ბრალდების განხილვა.
2025 წელს გამოიცა ჯეფრი ეპსტინის ტრეფიკინგის ერთ-ერთ მსხვერპლად მიჩნეული, 2025 წლის აპრილში გარდაცვლილი ვირჯინია ჯუფრეს მემუარები. ჯუფრე აღწერს ეპსტინის ძალადობას და სექსუალურ ურთიერთობასაც, რომელიც მისი ინფორმაციით, 17 წლის ასაკში ჰქონდა პრინც ენდრიუსთან.
- პროსტიტუციის ორგანიზებასა და მასში არასრულწლოვანთა ჩართვაში ბრალდებულმა ეპსტინმა, ოფიციალური ვერსიით, 2019 წელს თავი ციხეში მოიკლა.
ფორუმი