Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტელეწამყვანი გურამ როგავა „ფორმულის“ მაყურებელს დაემშვიდობა

გურამ როგავა: „დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ“.
გურამ როგავა: „დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ“.

ტელეწამყვანი, ჟურნალისტი გურამ როგავა, - რომელიც ტელეკომპანია „ფორმულაზე“ ამ დრომდე უძღვებოდა საავტორო გადაცემას „ხალხთან ერთად“, - მაყურებელს დაემშვიდობა.

  • „ეს იქნება ჩემი ბოლო ეთერი „ფორმულაზე“ და დღევანდელი გადაცემით, სამწუხაროდ, უნდა დაგემშვიდობოთ“, - თქვა გურამ როგავამ ხუთშაბათს, 19 თებერვალს, გადაცემის დაწყებისას.

იქვე განაცხადა: „ბრძოლას ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ყველა ფორმით და ყველგან გავაგრძელებ“.

  • 2024 წლის ანტისამთავრობო აქციებისას, 29 ნოემბერს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, გურამ როგავაზე სპეცრაზმელმა იძალადა;
  • აქციის დარბევის დროს, როდესაც როგავა პირდაპირ ეთერში ერთვებოდა და ვითარებას აღწერდა, ეკიპირებულმა სპეცრაზმელმა მას კეფაში ძლიერად ჩაარტყა ხელი - ძალადობის კადრი რადიო თავისუფლებამ გადაიღო.
  • არც როგავას და არც სხვა ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის, მათზე ძალადობის, - ისევე, როგორც დემონსტრანტებზე ძალადობის, - გამო არავინ დასჯილა. დემონსტრაციების მონაწილე ასობით მოქალაქე დააკავეს, ათობით მათგანს კი ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს.

როგავამ თქვა, რომ აქამდეც „ძალიან აქტიური კონტაქტი“ ჰქონდა საერთაშორისო პარტნიორებთან, რათა ემხილებინა ის, რასაც უწოდა „ოლიგარქის დანაშაულებრივი რეჟიმი“.

„ძალისხმევას მომავალში კიდევ უფრო გავააქტიურებ“, - თქვა მან და დასძინა, რომ ჩვენება ასევე მისცა ეუთოს მოსკოვის მექანიზმის ფარგლებში შექმნილ ექსპერტთა მისიას.

მიმდინარე კვირაში ასევე ცნობილი გახდა, რომ ტელევიზიის ერთ-ერთმა მფლობელმა ზუკა გუმბარიძემ, - რომელიც წილების 32,25%-ს ფლობდა, - არხი დატოვა. მან არხის ფინანსურ პრობლემებზე ისაუბრა.

„მივიღე გადაწყვეტილება, რომ ტელეკომპანია „ფორმულაში“ ჩემი წილი გადავცე მის დირექტორსა და ჩემს მეგობარს მიშა მშვილდაძეს, რათა მან საკუთარი შეხედულებით გადაანაწილოს ეს წილი არხის მენეჯმენტზე და თანამშრომლებზე“, - დაწერა გუმბარიძემ ფეისბუკზე.

მშვილდაძეს, კეზერაშვილის მიერ ტელეკომპანიის წილების დათმობისა და თანამშრომელთათვის გადაცემის შემდეგ, წილების 38,25% ჰქონდა.

სამეწარმეო რეესტრში ამჟამად წილებში ცვლილებების დარეგისტრირებაა მოთხოვნილი.

„მინდა გულით ვუსურვო მხნეობა და გამძლეობა „ფორმულის“ ყველა თანამშრომელს, ვინც ამ მძიმე ფინანსური პრობლემების მიუხედავად ახერხებს, რომ არხი არ ჩაქრეს და ყველაფრის მიუხედავად განაგრძოს მუშაობა და განვითარება“, - დაწერა გუმბარიძემ.

  • 2025 წლის 2 მაისს იგივე ტელეკომპანია დატოვა ორმა ჟურნალისტმა, „ფორმულას დღის“ ორმა წამყვანმა, თეონა ბაკურიძემ და თამარ ჩიხლაძემ.
  • „ძალიან გვინდა ვთქვათ, რომ ყველაფერი კარგად იქნება, მაგრამ ამ პროფესიაში ყოფნის დროს ვიცავდით პრინციპს, რომ იმედზე მნიშვნელოვანი სიმართლეა. სიმართლე არის ის, რომ ჩვენ ჯერ არ ვართ ბელარუსი, მაგრამ განსაკუთრებული სიჩქარით სწორედ ბელარუსისკენ მივემართებით“, - თქვა მაყურებელთან დამშვიდობების დროს თამარ ჩიხლაძემ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG