Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის დრონებით იერიშს ნგრევა მოჰყვა ოდესასა და სუმიში

ოდესაზე დრონებით იერიშის შედეგები. 21 თებერვალი, 2026.
ოდესაზე დრონებით იერიშის შედეგები. 21 თებერვალი, 2026.

უკრაინის საჰაერო ძალების ცნობით, 20-21 თებერვლის ღამით, რუსეთის ჯარებმა უკრაინას ერთი „ისკანდერ-M“ ტიპის ბალისტიკური რაკეტით და 120 დრონით შეუტიეს. დაფიქსირდა დარტყმები რაკეტით და 13 მოიერიშე დრონით 11 სამიზნეზე, თავდასხმა გრძელდება.

დრონით თავდასხმას ნგრევა მოჰყვა ოდესის ორ რაიონში. ქალაქის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერჰი ლისაკის თქმით, ქალაქის ორ რაიონში ორი კერძო სახლი დაინგრა, ხოლო პრიმორსკის რაიონში რამდენიმე საცხოვრებელი კორპუსი დაზიანდა, დაზარალდა 115 ბინა. ასევე დაზიანდა ენერგეტიკული კომპანიების საწყობები, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა.

გარდა ამისა, ნაწილობრივ დაინგრა ოდესის ლიცეუმი, რომელშიც 200-ზე მეტი ბავშვი სწავლობდა. ქალაქის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ცნობით, შენობა არქიტექტურული ძეგლია.

უკრაინის ეროვნული პოლიციის ტელეგრამში გამოქვეყნებული ინფორმაციით, დაახლოებით დილის 4 საათზე დარტყმა განხორციელდა სუმის საცხოვრებელ უბანზე. სამი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ხუთი და 17 წლის ორი ბავშვი და 70 წლის ქალი.

შაბათს დილით ხერსონში რუსულმა დრონმა ასაფეთქებელი ნივთიერებები ჩამოაგდო მგზავრების გადამყვან მიკროავტობუსში. ხერსონის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ტელეგრამის არხის ცნობით, დაშავდა 71 წლის მძღოლი. მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ასევე დაშავდა ორი მგზავრი, 62 წლის და 42 წლის ქალები. ისინი ნამსხვრევებით დაიჭრნენ და კონტუზია მიიღეს.

ფორუმი

XS
SM
MD
LG