როგორც იტყობინებიან, თეირანში, შარიფის (სახელობის) ტექნოლოგიურ უნივერსიტეტთან, სტუდენტებსა და ირანის ელიტური ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) შემადგენლობაში შემავალი
„ბასიჯის“ გასამხედროებული რაზმების წევრებს შორის შეტაკებები მოხდა. სოციალურ მედიაში გამოქვეყნებულ ვიდეოებში ჩანს, როგორ გაიძახიან სტუდენტები „სირცხვილი, სირცხვილი“, ზოგიერთი მათგანი ირანის ეროვნულ დროშას აფრიალებს.
მიტინგი ასევე გაიმართა ამირა ქაბირის (სახელობის) ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში. საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, რომელიც დაახლოებულია ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსთან, იტყობინება, რომ მსგავსი საპროტესტო აქცია თეირანის უნივერსიტეტშიც გაიმართა.
დემონსტრაციები დაემთხვა ამ კვირაში ქვეყნის მასშტაბით გამართულ ასობით ცერემონიას, რომლებიც იანვარში უსაფრთხოების ძალების მიერ მოკლული დემონსტრანტების სიკვდილიდან მეორმოცე დღეს გაიმართა და მათი ხსოვნისადმი იყო მიძღვნილი.
ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების მონაცემებით, 2025 წლის დეკემბრის ბოლოს ირანში დაწყებული საპროტესტო აქციების დროს, სულ ცოტა, 7 ათასი ადამიანი დაიღუპა. ადამიანის უფლებათა დამცველები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა რეალური რიცხვი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად მეტი იყოს. ასევე, დააკავეს დაახლოებით 53 500 ადამიანი.
Amnesty International-მა ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქვეყანაში მასობრივ საპროტესტო აქციებთან დაკავშირებით, სულ ცოტა, 30 აქტივისტს სიკვდილით დასჯა ემუქრება. ნათქვამია, რომ ამ აქტივისტებიდან რვას უკვე მიესაჯა სიკვდილით დასჯა. 22 სხვა საქმეში ბრალდებულებს შორის, რომლებიც ჯერ კიდევ განხილვის პროცესშია, ორი არასრულწლოვანია. ირანის სასამართლო ხელისუფლებას ოფიციალურად არ დაუდასტურებია სიკვდილით დასჯის არცერთი შემთხვევა.
ქვეყანაში საპროტესტო აქციები 2025 წლის 28 დეკემბერს დაიწყო და ირანის ყველა პროვინციას მოედო. ეს მასობრივი დემონსტრაციები 1979 წლის ისლამური რევოლუციის შემდეგ, ქვეყნის სასულიერო ხელმძღვანელობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ გამოწვევად იქცა.
თავდაპირველად, დემონსტრანტებმა ეკონომიკურ კრიზისთან დაკავშირებული მოთხოვნები წამოაყენეს, თუმცა მოგვიანებით ხელისუფლების წინააღმდეგ ლოზუნგები გაისმა. დემონსტრანტების ნაწილი ემხრობიან ყოფილი - ბოლო - შაჰის ვაჟს, რეზა ფეჰლევის, რომელიც უცხოეთში ცხოვრობს.
აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ადმინისტრაციამ მხარდაჭერა გამოუცხადა ირანში იანვრის მასობრივი საპროტესტო აქციების მონაწილეებს. თეთრი სახლის ლიდერი თავად დაემუქრა ირანს დარტყმით, თუ ქვეყნის ხელისუფლება საპროტესტო აქციების დროს დაკავებული
აქტივისტების სიკვდილით დასჯას დაიწყებდა.
ირანსა და აშშ-ს შორის მიმდინარეობს არაპირდაპირი მოლაპარაკება ბირთვულ სფეროში.
აშშ-მა ბოლო კვირებში ირანის მახლობელ რეგიონში მკვეთრად გაზარდა სამხედრო ყოფნა.
19 თებერვალს დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანს სამხედრო მოქმედებები ემუქრება, თუკი მოლაპარაკებები შედეგს ვერ გამოიღებს. „არსებით შეთანხმებას უნდა მივაღწიოთ, სხვაგვარად ცუდი რამეები მოხდება,“ თქვა ტრამპმა და განმარტა, რომ ირანს მისცა 10-15 დღიანი ვადა.
ფორუმი