უკრაინის ხელისუფლების მიერ 23 თებერვალს დილით გამოქვეყნებული ცნობებით, მშვიდობიანი მოქალაქეები დაიღუპნენ ოდესის ოლქსა და ქალაქ ზაპოროჟიეში.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაიღუპა ორი და დაშავდა სამი ადამიანი. ადმინისტრაციის ხელმძღვანელ ოლეჰ კიპერის ცნობით, დაიღუპნენ 20 წლის გოგო და 45 წლამდე ასაკის კაცი. სამი დაჭრილიდან ორის მდგომარეობა მძიმეა.
ოდესის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის თანახმად, რუსული დრონებით შეტევა იყო სამრეწველო და ენერგოობიექტებზე. დაზიანებულია სამრეწველო და სასაწყობე შენობები, ადმინისტრაციული შენობა და სატრანსპორტო საშუალებები. ერთ-ერთი დრონი მრავალბინიან სახლს მოხვდა, თუმცა დეტონაცია არ მომხდარა. ადმინისტრაციის ცნობითვე, დილისთვის ლიკვიდირებული იყო დრონებით დარტყმის ადგილებში გაჩენილი ხანძრები.
უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევის შესახებ იუწყება ზაპოროჟიეს ოლქის სამხედრო ადმინისტრაციაც. მისი ინფორმაციით, ქალაქ ზაპოროჟიეში ერთი ადამიანი დაიღუპა და ერთი დაიჭრა. დაზიანებულია სამრეწველო ობიექტი.
სარაკეტო შეტევა იყო ქალაქ ხარკოვზე. ინფორმაცია დილით გამოქვეყნდა ხარკოვის მერის, იჰორ ტერეხოვის ტელეგრამ-არხზე. ადგილობრივი ხელისუფლების წინასწარი მონაცემებით, დაჭრილია ორი ადამიანი.
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ 23 თებერვალს დილით გავრცელებული ინფორმაციით, ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს ერთი ბალისტიკური რაკეტით „ისკანდერ-მ“ და 126 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით 08:00 საათისთვის დადასტურებული იყო 105 რუსული დრონის მოგერიება და ბალისტიკური რაკეტითა და 20 დრონით პირდაპირი დარტყმა 11 ადგილზე.
უკრაინული დრონებით და რაკეტებით შეტევის შესახებ განაცხადეს რუსეთის ვორონეჟის და ბელგოროდის ოლქების გუბერნატორებმა. მათი ინფორმაციით, გასულ ღამით დარტყმები იყო ენერგოობიექტებზე.
რუსეთის ამ რეგიონების ხელისუფალთა თანახმად, ქალაქ ვორონეჟის ნაწილს და ქალაქ ბელგოროდის და ოლქის რამდენიმე რაიონის ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა.
- უკრაინის ხელისუფლების თანახმად, რუსეთის ტერიტორიაზე ენერგოობიექტებზე დარტყმები არის პასუხი რუსეთის ჯარების მიერ უკრაინის ენერგოობიექტების მიზანმიმართულ განადგურებაზე.
ბელგოროდის ოლქის გუბერნატორ ვიაჩესლავ გლადკოვის თანახმად, რაკეტებით შეტევის შედეგად ქალაქ ბელგოროდში დაზიანებულია ორი მრავალბინიანი სახლიც, ხოლო ოლქის ორ სოფელში კერძო სახლები, დრონებით შეტევის შედეგად კი - ქალაქ ბელგოროდის ერთ-ერთი საწარმო.
23 თებერვალს გამთენიისას რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტიევსკის ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქის სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა.
რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თათრეთის ამ ქალაქის მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე წერს, რომ დრონებით შეტევა იყო კომპანია „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურ „კალეიკინოზე“.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 23 თებერვალს დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, ღამის განმავლობაში გაანადგურეს 152 უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატი. მათგან ბელგოროდის ოლქში - 65, ვორონეჟის ოლქში - 8, ხოლო თათრეთის რესპუბლიკაში - 2. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
ფორუმი