Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის საელჩოს მოსთხოვეს სეულში გამოფენილი პროპაგანდისტული ტრანსპარანტის ჩამოხსნა

სეულში რუსეთის საელჩოს შენობაზე გადმოფენილი ტრანსპარანტი, წარწერით: „გამარჯვება ჩვენი იქნება!“
სეულში რუსეთის საელჩოს შენობაზე გადმოფენილი ტრანსპარანტი, წარწერით: „გამარჯვება ჩვენი იქნება!“

სამხრეთ კორეის მთავრობამ ქვეყნის დედაქალაქ სეულში რუსეთის საელჩოს მიმართა, შენობიდან ჩამოხსნას ტრანსპარანტი, წარწერით: „გამარჯვება ჩვენი იქნება!“

ლოზუნგი, რომელსაც საბჭოთა რუსეთი აქტიურად იყენებდა მის მიერ „დიდ სამამულო ომად“ წოდებული მეორე მსოფლიო ომის დროს, სეულში საელჩოს შენობაზე გადმოფინეს უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრიდან (2022 წლის 24 თებერვალი) მეოთხე წლისთავის წინ.

ლოზუნგი რუსულად წერია დაახლოებით 15 მეტრის სიგრძის, რუსეთის დროშის ფერებიან, ძირითადად, წითელ ქსოვილზე.

სააგენტო Yonhap-ის ცნობით, სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს გაუგზავნა წერილი, რომ შენობაზე გამოფენილმა ტრანსპარანტმა შესაძლოა, დაძაბულობა გამოიწვიოს სამხრეთ კორეის და სხვა ქვეყნების მოქალაქეებთან.

სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, სამინისტრომ ხაზი გაუსვა, რომ სამხრეთი კორეა უკრაინაში შეჭრას უკანონობად მიიჩნევს და მოსკოვისგან მოითხოვს ჩრდილოეთ კორეასთან სამხედრო თანამშრომლობის შეწყვეტასაც.

Reuters-ის ჟურნალისტებმა სცადეს რუსეთის საელჩოსგან კომენტარის მიღება, თუმცა მხოლოდ ავტომოპასუხისგან მოისმინეს შეტყობინება, რომ საელჩო უქმე დღის გამო არ მუშაობს.

დღეს, 23 თებერვალს რუსეთში „სამშობლოს დამცველთა დღეს“ აღნიშნავენ.

ამასთან, როგორც სააგენტო Yonhap-ი წერს, რუსეთის საელჩოში დღეს განაცხადეს, რომ ტრანსპარანტი დროებითია და დღესასწაულის შემდეგ ჩამოხსნიან.






ფორუმი

XS
SM
MD
LG