ომის დაწყებიდან ოთხი წელი დღეს, 24 თებერვალს შესრულდა.
პრეზიდენტმა ზელენსკიმ ომის პირველი დღეები გაიხსენა, პატივი მიაგო დაღუპულთა ხსოვნას და უკრაინელი ხალხისა და მეომრების ძალაზე ილაპარაკა:
„დღეს ზუსტად ოთხი წელია, რაც პუტინი კიევს სამ დღეში იღებს. ეს ბევრს ამბობს ჩვენ წინააღმდეგობაზე, იმაზე, როგორ იბრძვის უკრაინა მთელი ამ ხნის განმავლობაში... მილიონობით ჩვენი ადამიანი, დიდი გამბედაობა, მძიმე სამუშაო, გამძლეობა და დიდი გზა, რომელსაც უკრაინა გადის 24 თებერვლიდან“.
უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ დასავლური მედია რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურიდან გაჟონილი დოკუმენტების საფუძველზე წერდა, რომ რუსეთს ჰქონდა უკრაინის სწრაფად დამარცხების და კიევში მთავრობის რამდენიმე, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, სამ დღეში დამხობის იმედი.
ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, როცა რუსეთის შეჭრის დასაწყისს იხსენებენ და დღევანდელობას ხედავენ, სრული უფლება აქვთ თქვან, რომ დაიცვეს დამოუკიდებლობა, სახელმწიფოებრიობა, პუტინმა კი თავის მიზნებს ვერ მიაღწია - ვერ გატეხა უკრაინელები და ომში გამარჯვება ვერ მოიპოვა:
„ჩვენ შევინარჩუნეთ უკრაინა და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რათა მოვიპოვოთ მშვიდობა და სამართლიანობა. დიდება უკრაინას!“
- 2022 წლის 24 თებერვალს, კიევის დროით დაახლოებით 05:00 საათისთვის რუსეთის ჯარები უკრაინაში შეიჭრნენ რუსეთის და ბელარუსის ტერიტორიებიდან და 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმიდან.
- რუსული არმიის მხარდასაჭერად საბრძოლო მოქმედებებში ჩაერთნენ შეიარაღებული ფორმირებები მოსკოვის მიერ კონტროლირებული დონეცკის და ლუგანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებიდან, რომელთა ე.წ. დამოუკიდებლობა რუსეთმა უკრაინის ფართომასშტაბიან შეჭრამდე ცოტა ხნით ადრე, 2022 წლის 21 თებერვალს აღიარა.
- რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ ომს „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ უწოდა და მიზნად გამოაცხადა უკრაინის „დემილიტარიზაცია და დენაციფიკაცია“. მანამდე რუსეთმა მოითხოვა, რომ უკრაინა არ გახდეს ნატოს წევრი.
- 2022 წლის 30 სექტემბერს, რუსეთმა თავის ტერიტორიებად გამოაცხადა უკრაინის ხერსონის, ზაპოროჟიეს, დონეცკისა და ლუგანსკის ოლქები, თუმცა ვერცერთ მათგანზე სრული კონტროლის დამყარება ვერ შეძლო.
- ომმა ათეულობით ათასი უკრაინელის სიცოცხლე იმსხვერპლა, მილიონობით დევნილად აქცია და უკრაინის ბევრი ქალაქი და სოფელი გაანადგურა.
- რუსეთმა თავის არმიაში დიდი დანაკარგების გარდა შედეგად მიიღო საბრძოლო მოქმედებების რუსეთის ტერიტორიაზე გავრცელება და მასშტაბური საერთაშორისო სანქციები.
ფორუმი