Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

G7-ის ლიდერებმა მხარდაჭერა გამოუხატეს უკრაინას და აშშ-ის სამშვიდობო ძალისხმევას

"დიდი შვიდეულის" სამიტის წევრები კანადაში. 17 ივნისი, 2025.
"დიდი შვიდეულის" სამიტის წევრები კანადაში. 17 ივნისი, 2025.

24 თებერვალს, რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე, „დიდი შვიდეულის“ (G7) ქვეყნების ლიდერებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, რომელშიც გამოხატეს უკრაინის მიმართ „ურყევი მხარდაჭერა“ მისი ტერიტორიული მთლიანობისა და არსებობის უფლების, თავისუფლების, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის დაცვაში.

განცხადება გამოქვეყნდა ევროკომისიის ვებსაიტზე. მასში ასევე გამოთქმულია მხარდაჭერა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მცდელობების მიმართ, „მიაღწიოს ამ მიზნებს სამშვიდობო პროცესის ინიცირებით და მხარეების პირდაპირი დიალოგის გზით“. განცხადებაში ასევე გამოთქმულია უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებისადმი მხარდაჭერაა „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში და იმის მიმართ, რომ ევროპა წამყვან როლს უნდა ასრულებდეს სამშვიდობო მოლაპარაკებების პროცესში. ამასთან აღნიშნულია, რომ მხოლოდ უკრაინას და რუსეთს შეუძლიათ სამშვიდობო შეთანხმების მიღწევა.

ტექსტში ასევე ლაპარაკია მხარდაჭერაზე უკრაინის ენერგეტიკული სექტორისა და ბირთვული უსაფრთხოების უზრუნველყოფის, ასევე რუსეთში ევაკუირებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებისა და ჰუმანიტარული დახმარების მიმართ.

G7 აერთიანებს ამერიკის შეერთებულ შტატებს, დიდ ბრიტანეთს, საფრანგეთს, გერმანიას, იტალიას, იაპონიასა და კანადას. გამოქვეყნებული ტექსტი მიუთითებს, რომ განცხადება დაამტკიცა ამ ქვეყნების ყველა ლიდერმა, მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა. თეთრ სახლს მასზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ტრამპის ადმინისტრაციამ უარი თქვა უკრაინისთვის პირდაპირ სამხედრო დახმარებაზე და ფოკუსირებულია კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მცდელობებზე. როგორც Bloomberg-ის დიპლომატიური წყაროები იტყობინებიან, თეთრ სახლს სურს, რუსეთ-უკრაინის ომი დასრულდეს 4 ივლისამდე, როდესაც აშშ დამოუკიდებლობის დეკლარაციის 250 წლისთავს აღნიშნავს.

ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა, დიდი ბრიტანეთი, კანადა და კიდევ რამდენიმე ქვეყანა მხარს უჭერენ უკრაინას „მსურველთა კოალიციის“ ფარგლებში.

სამშაბათს კიევში ჩავიდნენ ევროკომისიის თავმჯდომარე ურზულა ფონ დერ ლაიენი და ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა.

ომის დაწყების მეოთხე წლისთავისთვის ევროკავშირი გეგმავდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი, მე-20 პაკეტის დამტკიცებას, რაც ვერ შეძლო უნგრეთისა და სლოვაკეთის წინააღმდეგობის გამო.

ფონ დერ ლაიაენმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა, რომ ომის დაწყების შემდეგ კიევში მეათედაა, რათა დაადასტუროს, რომ ევროპა უკრაინას ურყევად უჭერს მხარს ფინანსური და სამხედრო თვალსაზრისით, ხაზი გაუსვას უკრაინის სამართლიანი ბრძოლისადმი ერთგულებას და როგორც უკრაინელ ხალხს, ისე აგრესორს გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი, რომ უკან არ დაიხევენ, სანამ მშვიდობა არ აღდგება.

„ევროკავშირი მტკიცედ დგას უკრაინის გვერდით. სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის. ძლიერი და სუვერენული უკრაინისთვის ძლიერ და სუვერენულ ევროპაში", დაწერა X-ში ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიუ კოშტამ.

ფორუმი

XS
SM
MD
LG