Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბრიტანეთმა დაასანქცირა ტანკერი, რომელმაც ოქტომბერში ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა

ტანკერი KAYSERI, რომელსაც ახლა ALTURA ჰქვია.
ტანკერი KAYSERI, რომელსაც ახლა ALTURA ჰქვია.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავზე სანქცირებულ კომპანიებს შორის მოხვდა ტანკერი, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში ყულევის პორტში რუსული ნავთობი შემოიტანა. განახლებული სია დიდი ბრიტანეთის მთავრობამ დღეს, 24 თებერვალს გამოაქვეყნა.

გასული წლის ოქტომბერში საქართველოს შემოსავლების სამსახურმა დაადასტურა, რომ რუსეთის პორტიდან წამოსული პანამის დროშის ქვეშ მცურავი თბომავალი სახელწოდებით KAYSERI ყულევის პორტში 2025 წლის 2 ოქტომბერს შევიდა. ტანკერმა ყულევის პორტში ერთ-ერთი რუსული კომპანიის (რომლის სახელიც უცნობია) 100 000 ტონამდე ნედლი ნავთობი შეიტანა.

„შემდგომი საბაჟო კონტროლის პროცედურების განხორციელების მიზნით ტვირთი ჩამოიცალა დროებითი შენახვის საბაჟო საწყობში“, - აცხადებდნენ უწყებაში.

ვებგვერდ marinetraffic.com-ის მონაცემებით, ტანკერ KAYSERI-ს, რომელმაც გასული წლის ოქტომბერში საქართველოში რუსული ნავთობი შემოიტანა, ახლა ALTURA (IMO 9292199) ჰქვია.

Georgia -- KAYSERI
Georgia -- KAYSERI

სწორედ ამ სახელით მოხვდა იმ სანქცირებულ გემებს შორის, რომელიც მონაწილეობდნენ რუსული ნავთობის მესამე ქვეყნებში ტრანსპორტირებაში.

ყულევის პორტს სანქცირება ემუქრება

საქართველოში არსებული ყულევის პორტი შესაძლოა ევროკავშირმა რუსეთის სანქციების მე-20 პაკეტში შეიყვანოს. სანქცირების საჭიროება კი დოკუმენტში ასეა დასაბუთებული:

„[ყულევის პორტი] გამოიყენება საზღვაო ტრანსპორტირებისთვის ნედლი ნავთობის ან ნავთობპროდუქტებისა, რომლებიც წარმოებულია რუსეთში ან ექსპორტირებულია რუსული გემებით, რომლებიც იყენებენ არარეგულარულ და მაღალი რისკის მქონე გადაზიდვის პრაქტიკას“.

საქართველოდან გაზრდილი ნავთობის ექსპორტი

საქართველოდან ექსპორტირებულ პროდუქტებში პირველ და მეორე ადგილს იკავებენ მსუბუქი ავტომობილები და ნავთობპროდუქტები, რომელთა უშუალო მწარმოებელი ქვეყანაც არ ვართ. მიმდინარე წლის იანვარში საქართველოდან 58,7 მილიონი დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები გაიტანეს. გასულ წელთან შედარებით, ეს მონაცემები 401,5%-ით არის გაზრდილი.

საქართველოში ნედლი ნავთობი ძირითადად ოკუპანტი რუსეთიდან შემოდის. მხოლოდ 2025 წელსა და 2026 წლის პირველ თვეში, ჯამში, 111 მილიონი დოლარის საწვავი შემოვიდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG