Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Reuters: რუსულმა „ტრანსნეფტმა“ დრონებით შეტევის შემდეგ ნავთობის მიწოდება შეამცირა

ხანძრით გამოწვეული კვამლი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტის“ საქაჩი სადგურის, „კალეიკინოს“ რაიონში. 2026 წლის 23 თებერვალი
ხანძრით გამოწვეული კვამლი რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტის“ საქაჩი სადგურის, „კალეიკინოს“ რაიონში. 2026 წლის 23 თებერვალი

რუსეთის სახელმწიფო კომპანია „ტრანსნეფტი“, რომელიც მაგისტრალურ ნავთობსადენებს მართავს, იძულებული გახდა თავისი სისტემისთვის ნავთობის მიწოდების მოცულობა დღე-ღამეში 250 ათასი ბარელით შეემცირებინა თათრეთის რესპუბლიკაში მდებარე სადგურზე უკრაინული დრონებით შეტევის შემდეგ.

„ტრანსნეფტისთვის“ შექმნილ ამ პრობლემაზე ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს სააგენტო Reuters-ი.

  • 23 თებერვალს გამთენიისას რუსეთის თათრეთის რესპუბლიკის ქალაქ ალმეტიევსკის ადმინისტრაციის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ უკრაინული დრონებით შეტევის შედეგად ქალაქის სამრეწველო ზონაში ხანძარი გაჩნდა.
  • რუსეთში „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA თათრეთის ამ ქალაქის მცხოვრებთა მიერ სოციალური ქსელებით გავრცელებული ვიდეოკადრების ანალიზის საფუძველზე წერდა, რომ დრონებით შეტევა იყო კომპანია „ტრანსნეფტის“ ნავთობის საქაჩ სადგურ „კალეიკინოზე“.
  • რამდენიმე უკრაინულ მედიასაშუალებას უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში დაუდასტურეს „კალეიკინოზე“ დარტყმა.

როგორც Reuters-ი წერს, კომპანია „ტრანსნეფტის“ საქაჩი სადგური „კალეიკინო" დასავლეთ ციმბირში ნავთობის ტრანსპორტირების ძირითადი პუნქტია და მნიშვნელოვან რგოლს წარმოადგენს Urals-ის მარკის ნავთობის წარმოებისთვის.

სადგური „კალეიკინო“ ემსახურება მილსადენ „დრუჟბასაც“, რომლითაც ნავთობი მიეწოდებოდა ევროპას ნაწილსაც. 27 იანვრიდან ამ მილსადენით უკრაინის გავლით ნავთობის მიწოდება შეუწყდათ უნგრეთს და სლოვაკეთს. უკრაინამ განაცხადა, რომ მილსადენი რუსეთის ჯარების დარტყმის შედეგად დაზიანდა.

სლოვაკეთის და უნგრეთის მთავრობებმა უკრაინა პოლიტიკური მოტივებით მოქმედებასა და ტრანზიტის განახლების ხელოვნურად გაჭიანურებაში დაადანაშაულეს და დაბლოკეს რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების მე-20 პაკეტი, რომლის მიღებასაც ევროკავშირი გეგმავდა უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მეოთხე წლისთავის, 24 თებერვლისთვის.

  • უკრაინის თავდაცვის ძალები რუსეთის ტერიტორიაზე და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ობიექტების გარდა ხშირად უტევენ ნავთობის საცავებს, ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს და სხვა საწარმოებს, რომლებიც კიევის თანახმად, რუსული არმიის მომარაგებაზე მუშაობენ და „ომის ბიუჯეტს" ავსებენ.
  • რუსეთი ამ შეტევებს „ტერორისტულს" უწოდებს, უკრაინა კი -„კანონიერ სამიზნეებზე" დარტყმებს რუსეთის მიერ გაჩაღებულ ომში.
  • სააგენტო Bloomberg-ის დათვლით, მხოლოდ 2025 წელს უკრაინამ 120-მდე შეტევა მიიტანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე, ტერმინალებზე, ნავთობის და გაზის საბადოებსა და მილსადენებზე.




ფორუმი

XS
SM
MD
LG