„ნაფტოგაზის“ თანახმად, თავდასხმებმა ზიანი მიაყენა მის ობიექტებს, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
გასული ღამის განმავლობაში რუსეთის ჯარები ისევ უტევდნენ უკრაინის ენერგოობიექტებს. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ცნობით, 25 თებერვლის დღის პირველი ნახევრის მდგომარეობით, ენერგომომარაგების გარეშეა ზაპოროჟიეს, დნეპროპეტროვსკის, ხერსონისა და ხარკოვის ოლქების ნაწილი.
25 თებერვალს გავრცელდა ცნობა, რომ უკრაინულმა დრონებმა 25 თებერვლის ღამეს რუსეთის სმოლენსკის ოლქის ქალაქ დოროგობუჟში ქიმიურ ქარხანას დაარტყეს.
რუსეთის ხელისუფლების ბოლო მონაცემებით, დარტყმის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა და ათი დაშავდა.
რეგიონის გუბერნატორმა ვასილი ანოხინმა მოგვიანებით დაადასტურა ცნობა ოთხი ადამიანის დაღუპვის შესახებ და დასძინა, რომ 10 დაშავდა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ დილის რეპორტაჟში მხოლოდ ის განაცხადა, რომ სმოლენსკის ოლქში ღამით 14 დრონი ჩამოაგდეს. უკრაინული მონიტორინგის არხები Exilenova+ და Supernova+ ფოტოებსა და ვიდეოებზე დაყრდნობით ადასტურებენ, რომ დარტყმის სამიზნე იყო ქიმიური ქარხანა PJSC Dorogobuzh-ი, რომელიც სხვა პროდუქტებთან ერთად ამიაკს აწარმოებს. ამ ქარხანას 2025 წლის ნოემბერსა და დეკემბერში დრონებით უკვე დაესხნენ თავს. კიევს ოფიციალურად ჯერ არ დაუდასტურებია დარტყმის ფაქტი.
ASTRA-მ აღნიშნა, რომ ადგილობრივ სოციალურ ქსელებში გამოჩნდა შეტყობინება, რომ დოროგობუჟის ყველა სკოლაში სასწავლო პროცესი დღეს გაუქმდა.
ფორუმი