„არ ვადასტურებ მაგ ინფორმაციას არანაირად. საერთოდ მაგ თემაზე საუბარი არ ყოფილა...“ - უთხრა რადიო თავისუფლებას გოგა გულორდავამ, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ უკვე მიწერეს არასწორი ინფორმაციის გასწორების მიზნით.
თუმცა ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიამ გუშინ, 24 თებერვალს კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, კომისიის თავმჯდომარესთან განიხილეს არხის მაუწყებლობის ჩართვის საკითხი წამყვანი პროვაიდერებისა და საკაბელო ოპერატორების პაკეტებში.
„საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელმა შესთავაზა დახმარება საქართველოს რეგიონებში „ბელარუს 24“-ის მაუწყებლობის ორგანიზებაში“, - აცხადებენ ტელევიზიაში და კომისიის თავმჯდომარესთან ერთად გადაღებულ ფოტოს ავრცელებენ.
ამ შეხვედრისა და განხილული საკითხების შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიას არ გაუვრცელებია. უწყების საიტზე და სოციალურ ქსელებში იძებნება ინფორმაცია გოგა გულორდავასა და საქართველოში ბელარუსის ელჩის ნიკოლაი როგაშჩუკის შემდგარი შეხვედრის შესახებ, რომელიც 17 თებერვალს გაიმართა.
„შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა ქართულ ტელეკომ სექტორსა და მედიაში არსებული გარემოს შესახებ ისაუბრეს. კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ სტუმრებს კომისიის საქმიანობისა და რეგულირების სფეროების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ“, - ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კომისიის თავმჯდომარე ამბობს, რომ ბელარუსის სახელმწიფო ტელევიზიის წარმომადგენლებთან „ორწუთიანი შეხვედრით შემოვიფარგლეთ“ და მათ აუხსნეს, რის გამო ვერ ვრცელდება მათი მაუწყებლობა საკაბელო ტელევიზიების დახმარებით:
„რომელ ჰოლდინგშიც შედიოდნენ, ის იყო სანქცირებული და საკაბელოებმა უთხრეს უარი, რისი უფლებაც ჰქონდათ“.
Belarus 24 -ი სახელმწიფო სატელევიზიო არხია, რომელიც ფინანსდება და კონტროლდება ბელარუსის სახელმწიფოს მიერ. ის შექმნილია ბელარუსის შესახებ ინფორმაციას საერთაშორისო მაყურებლისთვის მიწოდებისთვის.
ბელარუსიის საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესებისა და მთავრობის ხედვების თაობაზე ინფორმაციას არხი, ძირითადად რუსულ და ბელარუსულ ენებზე ავრცელებს.
Belarus 24-ს აქვს სატელიტური და საკაბელო მაუწყებლობა, ის ხელმისაწვდომია ონლაინ პლატფორმებზეც.
ფორუმი