როდრიგესმა ტრამპს 26 თებერვალს მიმართა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასის თეატრიდან, სადაც სიტყვით გამოვიდა ადგილობრივი ახალგაზრდების წინაშე.
ვენესუელის დროებითი მმართველის საჯარო თხოვნას სანქციების გაუქმების შესახებ, წინ უძღოდა აშშ-ის პრეზიდენტის გამოსვლა კონგრესში, სადაც მან განაცხადა, რომ დღეს ვენესუელა აშშ-ის მეგობარი და პარტნიორია, რომლისგანაც უკვე მიიღეს 80 მილიონ ბარელზე მეტი ნავთობი.
კარაკასში ახალგაზრდების წინაშე გამოსვლისას დელსი როდრიგესმა დონალდ ტრამპსაც მეგობარი და პარტნიორი უწოდა, განაცხადა, რომ ვენესუელა არასდროს ყოფილა შეერთებული შტატების მტერი და ტრამპს სთხოვა, გააუქმოს სანქციები და ბლოკადა.
როდრიგესის თქმით, არსებული სანქციები უარყოფითად აისახება ვენესუელელ ახალგაზრდებზეც. მან აშშ-ს ორმხრივი ურთიერთობების განმტკიცებისკენ მოუწოდა.
ვენესუელის ნავთობზე აშშ-ის სანქციები 2019 წლიდან მოქმედებს. 2025 წლის დეკემბერში პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ვენესუელიდან მომავალი და ამ ქვეყნისკენ მიმავალი სანქცირებული ტანკერების სრული ბლოკადის ბრძანებაც.
- 2026 წლის 3 იანვარს შეერთებულმა შტატებმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაცია ჩაატარა და დედაქალაქ კარაკასში დააკავა ვენესუელის მმართველი ნიკოლას მადურო და მისი ცოლი სილია ფლორესი.
- 5 იანვარს მათ ნიუ-იორკში, მანჰეტენის სასამართლოში ბრალი წაუყენეს ოთხი მუხლით. მათ შორისაა ნარკოტერორისტული შეთქმულება. მადურომ და ფლორესმა თავი უდანაშაულოდ გამოაცხადეს.
- ვენესუელის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი გახდა მადუროს თანამებრძოლი, ვიცე-პრეზიდენტი დელსი როდრიგესი, რომელმაც აშშ-ს თანამშრომლობა შესთავაზა.
- ვენესუელაში სამხედრო ოპერაციისა და მადუროს დაკავების შემდეგ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ ვენესუელას აშშ უხელმძღვანელებს, სანამ არ მოხდება ხელისუფლების უსაფრთხო და გონივრული გადაცემა.
- ამერიკელების მიერ მადუროს დაპატიმრების შემდეგ ვენესუელის ხელისუფლებამ პოლიტპატიმრებისთვის ამნისტია გამოაცხადა.
ფორუმი