„ბრალდებულმა სრულად აღიარა ბრალდება საპროცესო შეთანხმების ფარგლებში და საბოლოო სიტყვაში ბოდიში მოუხადა დაზარალებულებს“, - განაცხადა სასამართლომ.
ვინ არის თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ საქმეზე ბრალდებული?
როგორც OCCRP-ი იუწყება, სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ბრალდებულის ვინაობა მითითებული არ იყო. მათმა რეპორტიორმა, რომელიც სასამართლოში სხდომის დაწყებამდე იმყოფებოდა, გადაიღო განრიგი, რომელიც ემთხვეოდა საქმეში განაჩენის გამოტანის დროსა და თარიღს.
„სხდომების გრაფიკში მითითებული იყო იგივე ბრალდებები, რომლებიც სასამართლოს განცხადებაშია მოცემული. ასევე, გრაფიკში მითითებული იყო იგივე მოსამართლე, რომელიც განცხადებაში იყო ნახსენები“.
მათი გამოკვლევით, გერმანულმა სასამართლომ გაასამართლა მიხეილ ბინაიშვილი.
რას ედავებიან ბინაიშვილს?
სასამართლომ დაადგინა, რომ 2017 წლის იანვრიდან 2019 წლის მაისამდე პერიოდში ბინიაშვილი ალბანეთში დაფუძნებული თაღლითური ქოლ-ცენტრის ოპერაციით ხელმძღვანელობდა, რომელშიც 600-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, მათ შორის „სპეციალურად მომზადებული პერსონალი, რომლებმაც მრავალი ადამიანი შეცდომაში შეიყვანეს“ - „ქოლ-ცენტრის“ თანამშრომლები დაზარალებულებთან ნდობაში შევიდნენ და დაარწმუნეს, რომ „თანხის ინვესტირებით“ სარგებელს მიიღებდნენ.
სასამართლომ დაადგინა, რომ დაზარალებულების მიერ - ძირითადად გერმანულენოვან ქვეყნებში - განხორციელებულმა დეპოზიტებმა დაახლოებით 8 მილიონი ევროს (9,4 მილიონი აშშ დოლარი) ზარალი გამოიწვია:
„მთელი დანაზოგი დაიკარგა და მთელი საარსებო წყარო განადგურდა“.
რას წერდა OCCRP?
საერთაშორისო საგამოძიებო ჟურნალისტურმა ქსელმა 2020 წელს გაავრცელა ინფორმაცია საქართველოს, ალბანეთსა და უკრაინაში მოქმედი ქოლ-ცენტრების ქსელის შესახებ. დაზარალებულთა მოსატყუებლად ისინი სხვადასხვა ბრენდის სახელს იყენებდნენ, მათ შორის: Milton Group უკრაინაში და Morgan Limited საქართველოში.
საქართველოში დაფუძნებული კიდევ ერთი თაღლითური „ქოლ-ცენტრი“, რომელიც გასულ წელს OCCRP-ის „თაღლითობის იმპერიის“ გამოძიების ფარგლებში გამოვლინდა, პოტენციურ მსხვერპლებთან ურთიერთობის იყენებდა პროგრამას PumaTS-ს - ეს პროგრამა ფიგურირებს ბინაიშვილის წინააღმდეგ გერმანიაში გამოტანილ განაჩენშიც.
თაღლითური „ქოლ-ცენტრები“ საქართველოში
საქართველოში თაღლითური „ქოლ-ცენტრების“ არსებობაზე თვეების განმავლობაში საუბრობდნენ ოპოზიციაში და ამას არ უარყოფთა ხელისუფლებაც. თუმცა ორივე მხარე ერთმანეთის დანაშაულზე ამახვილებდა ყურადღებას.
მაგალითად,
- 2022 წლის მარტში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დეპუტატმა ლევან ხაბეიშვილმა (რომელის ახლა პატიმრობაშია) პარლამენტში „სამთავრობო საათზე“ მყოფ შინაგან საქმეთა მინისტრს მოუწოდა, დაიწყოს გამოძიება ე.წ. ქოლცენტრების საქმეებზე. ის ამბობდა, რომ ამ ტრანსნაციონალური დანაშაულის მონაწილეები იყვნენ როგორც მოქმედი მინისტრები, ასევე ყოფილი მაღალჩინოსნები. მან ამ საქმესთან კავშირში დაასახელა იმდროიდნელი თავდაცვის მინისტრი (ჯუანშერ ბურჭულაძე) და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსი (გრიგოლ ლილუაშვილი).
- ხაბეიშვილმა მსგავსი ბრალდება მანამდეც, თებერვალშიც გაავრცელა. მაშინ, იმ დროს მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ახლა ფულის გათეთრების საქმეზე მსჯავრდებულია, თქვა, რომ „ქოლ-ცენტრები“ წინა ხელისუფლების წევრებს ჰქონდათ.
წლების შემდეგ, 2025 წლის 23 დეკემბერს დააკავეს სუსის ყოფილი ხელმძღვანელი გრიგოლ ლილუაშვილი. მას ბრალი ოთხი ეპიზოდის გამო წარუდგინეს, საიდანაც ერთი თაღლითურ „ქოლ-ცენტრებს“ შეეხებოდა.
პროკურატურის ცნობით, 2021-2023 წლებს, როდესაც „მიუხედავად ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ დეკლარირებული სამართლებრივი ბრძოლისა“, ქვეყანაში მაინც რჩებოდა რამდენიმე ათეული თაღლითური ქოლ-ცენტრი. მოწმეთა ჩვენებებით, „აღნიშნული ქოლ-ცენტრებიდან დიდი უმრავლესობა ეკუთვნოდა პირთა ჯგუფს, რომლებიც მიღებული შემოსავლებიდან სხვადასხვა ოპოზიციურ მედიასაშუალებას აფინანსებდნენ“, ხოლო ქოლ-ცენტრების შედარებით „მცირე ნაწილის ძირითადი მფარველი იყო გრიგოლ ლილუაშვილი“, რომელიც „ამ საქმიანობას მისი ნათესავის, სანდრო ლილუაშვილის მეშვეობით ახორციელებდა“.
ფორუმი