“გუშინ ირანმა რაკეტები დაუშინა აშშ-სა და ისრაელს და ზიანი მიაყენა. დღეს ისეთი ძალით დავარტყამთ, როგორიც მათ აქამდე არასდროს განუცდიათ“, - თქვა ლარიჯანიმ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში.
როგორც ადგილობრივი მედია იტყობინება 1 მარტს, ისლამურ რესპუბლიკაზე აშშ-სა და ისრაელის თავდასხმების დროს დაიღუპა ირანის პოლიციის დაზვერვის უფროსი ღოლამრეზა რეზაიანი.
„ეროვნული პოლიციის დაზვერვის ხელმძღვანელი, გენერალი ღოლამრეზა რეზაიანი, მტრის გუშინდელი (შაბათის) თავდასხმების შემდეგ დაიღუპა“, - იტყობინება საინფორმაციო სააგენტო Fars-ი, სხვა მედიასაშუალებებთან ერთად.
ისრაელისა და აშშ-ის თავდასხმების დროს მოკლული არიან ისლამური რესპუბლიკის უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ალი შამხანი და შეიარაღებული ძალების „ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ მეთაური მოჰამად ფაქფური.
შამხანი უზენაესი ლიდერის, ასევე სამხედრო ოპერაციის შედეგად 28 თებერვალს მოკლული აიათოლა ალი ხამენეის მრჩეველიც იყო.
ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, მასთან ერთად დაიხოცნენ ხამენეის ქალიშვილი, სიძე და შვილიშვილიც.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ირანი გააფრთხილა, უარი თქვას საპასუხო დარტყმებზე, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში მიიღებს „არნახული ძალის დარტყმას“.
ფორუმი