Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ისრაელის ავიაციამ კვლავ დაბომბა ირანის დედაქალაქი

თეირანზე იერიშის დროს. 1 მარტი, 2026 წელი
თეირანზე იერიშის დროს. 1 მარტი, 2026 წელი

ისრაელის სამხედრო ძალებმა თეირანზე თავდასხმების ახალი ტალღის შესახებ გამოაცხადეს.

1 მარტს ისრაელის საჰაერო ძალებმა განახორციელეს დარტყმები „თეირანისკენ მიმავალი გზის“ გასახსნელად - ამის თაობაზე ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს. მათი თქმით, დასავლეთ და ცენტრალურ ირანში განლაგებული საჰაერო თავდაცვის სისტემების უმეტესობა მწყობრიდან გამოსულია. არმია ამბობს, რომ სამიზნეები „თეირანის გულია“.

AFP-ს კორესპონდენტები იუწყებიან ირანის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქების შესახებ. სხვა სააგენტოების თანახმად, ქალაქზე კვამლის უზარმაზარი ღრუბელი ამოდიოდა და მიწა ირყეოდა.

სააგენტოს ცნობით, აფეთქებები მოხდა იმ რაიონში, სადაც ირანის პოლიციისა და სახელმწიფო ტელევიზიის შტაბ-ბინებია განთავსებული.

ისრაელის არმიის პრესსპიკერმა, ვიცე-პოლკოვნიკმა ნადავ შოშანმა, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ბევრი სამიზნე კვლავ რჩება, მათ შორის სამხედრო-სამრეწველო წარმოების ობიექტები. „ჩვენ გვაქვს შესაძლებლობები და სამიზნეები, რომ გავაგრძელოთ ოპერაცია იმდენ ხანს, რამდენიც საჭირო იქნება“, - თქვა მან.

კითხვაზე, განიხილავს თუ არა ისრაელი ირანში სახმელეთო ძალების განლაგების საკითხს, შოშანმა უპასუხა, რომ ეს საკითხი არ განიხილება, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მოუწოდეს ირანელებს, გამოიყენონ იშვიათი შესაძლებლობა და დაამხონ ხელისუფლება.

აშშ-ის და ისრაელის ავიაციის მიერ ირანის ქალაქების დაბომბვის დროს, თეირანში სამთავრობო რეზიდენციაზე დარტყმას ემსხვერპლა ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG