საერთაშორისო აკადემიური საზოგადოების 600-ზე მეტი წარმომადგენელი - მეცნიერები, სტუდენტები, კურსდამთავრებულები, უნივერსიტეტის პერსონალი, უნივერსიტეტის ხელმძღვანელები, მკვლევრები, კვლევითი ცენტრები და ინსტიტუტები, მსოფლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პარტნიორები სოლიდარობას უცხადებენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს.
ხელმომწერებს შორის არიან 120 მეცნიერი გერმანიიდან, 86 - აშშ-დან, 83 - დიდი ბრიტანეთიდან და ასევე სხვა ქვეყნებიდან.
„ბოლოდროინდელი საკანონმდებლო ცვლილებები პირდაპირ საფრთხეს უქმნის იმ საფუძვლებს, რომლებზეც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტმა და სხვა ქართულმა უნივერსიტეტებმა ააშენეს თავიანთი აკადემიური მისიები“, - წერია პეტიციაში.
ხელმომწერები მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას და პარლამენტს, დაუყოვნებლივ შეაჩერონ უმაღლესი განათლების რეფორმა, რომლითაც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს სტუდენტების მხოლოდ მცირე ჯგუფის მიღების უფლება რჩება.
„განათლების რეფორმა“
„ქართული ოცნების“ მთავრობამ „უმაღლესი განათლების რეფორმის“ ნაწილად 12 თებერვალს წარადგინა გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო უნივერსიტეტებს შეეზღუდათ სასწავლო პროგრამების განხორციელების უფლება.
„ქართული ოცნების“ ხედვით, „ერთ ქალაქში ერთი ფაკულტეტი“ უნდა იყოს. ამ ხედვის არგუმენტით, საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე დიდ უნივერსიტეტს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს, 92%-ით ნაკლები სტუდენტის მიღება შეეძლება.
„გადაწყვეტილების მიმღებებს აუცილებლად მოგიწევთ პასუხის გაცემა საუნივერსიტეტო საზოგადოებისთვის - არა მხოლოდ ახლა!“ - დაწერა ფეისბუკში ილიას უნივერსიტეტის რექტორმა ნინო დობორჯგინიძემ ამ გადაწყვეტილების მოსმენის შემდეგ.
საერთაშორისო მკვლევრებმა და უცხოელმა პროფესორებმა დეკემბერში მოუწოდეს ირაკლი კობახიძეს, გადახედოს უმაღლესი განათლების რეფორმას.
ყველა კრიტიკის პასუხად, „ქართული ოცნების“ მთავრობის პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ არგუმენტებს ვერ ისმენს.
ფორუმი