Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთი საჰაერო ბაზის გამოყენების უფლებას აძლევს ამერიკულ თვითმფრინავებს, რომლებიც ირანზე თავდასხმაში არ მონაწილეობენ

საფრანგეთის Charles Monier-ის სამხედრო ბაზა ისტრში, 5 მარტი, 2026 წელი
საფრანგეთის Charles Monier-ის სამხედრო ბაზა ისტრში, 5 მარტი, 2026 წელი

აშშ-ის სამხედრო დამხმარე თვითმფრინავებს საფრანგეთის საჰაერო ბაზის გამოყენების უფლება მიეცათ, განაცხადა საფრანგეთის გენერალურმა შტაბმა 5 მარტს.

განცხადების თანახმად, მათ აქვთ „სრული გარანტიები“, რომ ისინი არ მონაწილეობენ ირანზე იერიშებში.

განცხადება გაკეთდა მას შემდეგ, რაც სამშაბათს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ აშშ-სა და ისრაელის სამხედრო ოპერაციები ირანში „საერთაშორისო სამართლის ფარგლებს გარეთ“ ტარდება.

„აშშ-ის თვითმფრინავები, რომლებიც ოპერატიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფენ (და არა საბრძოლო თვითმფრინავები), დაუშვეს ისტრის საჰაერო ბაზაზე“, - ნათქვამია გენერალური შტაბის განცხადებაში.

„საფრანგეთმა მოითხოვა, რომ ჩართული ძალები და საშუალებები არანაირად არ მონაწილეობდნენ აშშ-ის მიერ ირანში წარმოებულ ოპერაციებში, არამედ გამოიყენებოდეს მხოლოდ ჩვენი პარტნიორების თავდაცვის მხარდასაჭერად რეგიონში. მან ამის სრული გარანტიები მიიღო“, - ნათქვამია განცხადებაში.

„ეს ნატოს ფარგლებში რუტინული პროცედურაა“.

ცალკე, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრმა, კატრინ ვოტრენმა, განაცხადა, რომ „საწვავის შემვსები თვითმფრინავი არის საწვავით მომმარაგებელი სადგური და არა რეაქტიული გამანადგურებელი“.

„ამგვარად, საკითხი აშკარად საწვავის შევსების შესაძლებლობას ეხება, ეს არის ერთადერთი ნებართვა, რომელიც პრეზიდენტმა გასცა“, - თქვა მან.

გასულ შაბათს, ირანზე აშშ-სა და ისრაელის მიერ განხორციელებული დარტყმების დაწყებიდან, საფრანგეთმა დაიკავა ის, რასაც მაკრონი „მკაცრად თავდაცვით“ პოზიციას უწოდებს.

სამშაბათს მან განაცხადა, რომ საფრანგეთი ხმელთაშუა ზღვაში აგზავნის „შარლ დე გოლის“ ავიამზიდს, ასევე სხვა ძალებსა და საშუალებებს.

მისი თქმით, საფრანგეთს თავდაცვის სავალდებულო ხელშეკრულებები აქვს კატართან, ქუვეითთან და არაბთა გაერთიანებულ საემიროებთან, ასევე „მტკიცე ვალდებულებები იორდანიასთან და ერაყთან“, რომლებიც ირანის თავდასხმების სამიზნე გახდა.

ირანი თავს დაესხა ემირატებში მდებარე ორ ფრანგულ ბაზას, თუმცა უცნობია, განზრახ იყო თუ არა ისინი მიზანში ამოღებული, განუცხადა ვოტრენმა ხუთშაბათს RTL-ს და დასძინა, რომ ემირატებში ექვსი Rafale-ის ტიპის თვითმფრინავი ჩავიდა.

ფრანგმა მემარცხენე პოლიტიკოსებმა გაფრთხილება გამოთქვეს, რომ შესაძლოა, მოხდეს ომში საფრანგეთის ჩათრევა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG