6 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე პროკურორმა თქვა ისიც, რომ ერთ-ერთი ბრალდებული, ლევან ზარდიაშვილი, რომელსაც ჟურნალისტ ქეთო მიქაძეზე ძალადობას და მისთვის ტელეფონის წართმევას ედავება ამ ეტაპზე გამოძიება, წარსულში ნასამართლევი იყო განზრახ მძიმე დანაშაულის ჩადენაში და იმ დროს, როცა ჟურნალისტს დაესხა თავს, პირობითი მსჯავრის ქვეშ იყო. ქეთო მიქაძის ტელეფონი ამ დრომდე არც გამოძიებას უპოვია და არც ზარდიაშვილს დაუბრუნებია ჟურნალისტისთვის.
თავად ზარდიაშვილმა სასამართლო სხდომაზე თქვა, რომ არ აქვს 3 000 ლარის გადახდის შესაძლებლობა, რადგან უმუშევარია, ჰყავს ცოლი და ორი შვილი.
გირაოს თანხის შემცირებას და გადახდის ვადის გაზრდას ითხოვდა პროცესზე საბა მინდიაშვილიც, რომელიც მისივე თქმით ერთ-ერთ გამგეობაში მუშაობს, დედასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს და ცოლის მოსაყვანად ემზადება. მას გამოძიება ჟურნალისტ ალექსანდრე ქეშელაშვილისთვის ტელეფონის წართმევას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლას ედავება - ზარდიაშვილისგან განსხვავებით მინდიაშვილმა ჟურნალისტს ტელეფონი იმავე დღეს დაუბრუნა.
“19-ში ქორწილი მაქვს-მეთქი ვუთხარი პროკურორს და იმედია გაითვალისწინებს და თანხას შემიმცირებს”, - თქვა მან.
პროკურორი ბრალდებულებისთვის გირაოს თანხის შემცირებას არ დაეთანხმა.
თბილისის მოქმედი მერის, კახა კალაძის შტაბთან დაპირისპირებებს 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნების წინ არაერთხელ ჰქონდა ადგილი - ჟურნალისტების გარდა შტაბთან შეკრებილი ხელისუფლების მხარდამჭერები რამდენჯერმე დაუპირისპირდნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს და საზმაუდან პარლამენტთან მიმავალი მარშის მონაწილეებს.
კალაძის შტაბზე საპროტესტო წარწერის გაკეთების გამო სისხლის სამართლის საქმე არის წარმოებული 23 წლის სტუდენტ მეგი დიასამიძის წინააღმდეგ, მისი სოლიდარობის ნიშნად ამავე შტაბზე მარკერით "რუსული ოცნების" დაწერის გამო კი თითქმის 6 თვეა პატიმრობაში იმყოფება პარტია "დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია - როგორც სტუდენტს, ისე პოლიტიკოსს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
ლევან ზარდიაშვილსა და საბა მინდიაშვილს დამნაშავედ ცნობის შემთხვევაში 6 თვიდან 2 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილი სასჯელის ზომად ითვალისწინებს ასევე ჯარიმას, შინაპატიმრობას ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომასაც.
ფორუმი