ვაშინგტონმა შესაძლოა შეასუსტოს რუსეთის ნავთობზე დაწესებული სანქციები - განაცხადა Fox Business-ის ეთერში აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა, სკოტ ბესენტმა.
ამ განცხადების ფონია წყვეტები ნავთობის გადაზიდვებში ჰორმუზის სრუტით, ისრაელისა და აშშ-ის მხრიდან ირანის წინააღმდეგ განხორციელებული საომარი მოქმედებებისა და თეირანის მიერ ამუშავებული საზღვაო ბლოკადის გამო. ამ მარშრუტს გადის მთელი მსოფლიოს ნავთობის მოცულობის 20 პროცენტი.
6 მარტს აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ინდოეთის ნავთობის გადამამუშავებელ საწარმოებს 30-დღიანი ნებართვა მისცა რუსეთის იმ ნავთობის შესყიდვაზე, რომელიც უკვე ზღვაშია და რომელსაც არ გამოუჩნდა მყიდველი. ბესენტი აცხადებს, რომ ეს არ იქონიებს მნიშვნელოვან გავლენას რუსეთის უნარზე დააფინანსოს უკრაინის წინააღმდეგ მის მიერ წარმოებული ომი. მინისტრის აზრით, ეს ზომა შესაძლებელს გახდის ირანის ზეწოლის შესუსტებას მსოფლიოს საწვავის ბაზარზე. "ჩვენ, შესაძლოა, რუსეთის სხვა ნავთობსაც მოვუხსნათ სანქციები" - ამბობს ბესენტი Fox Business-ის ეთერში.
კრემლი აცხადებს, რომ აღრიცხავს მნიშვნელოვან მატებას რუსეთის ნავთობზე მოთხოვნაზე, ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე.
6 მარტს თეთრ სახლში გამართულ მრგვალ მაგიდაზე Fox News-ის ჟურნალისტმა, პიტერ დუსიმ აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს სთხოვა კომენტარის გაკეთება ინფორმაციაზე, რომ რუსეთი ირანს სადაზვერვო მონაცემებს აწვდის ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ობიექტებზე დარტყმების განსახორციელებლად. ტრამპმა ამ კითხვას "სულელური" უწოდა და მას პირდაპირი პასუხი არ გასცა.
ფორუმი