გამოძიება, სავარაუდოდ, ირანის შესახებ გაკეთებული საჯარო განცხადებების შესახებ რომ ჰქონდა სუსს დაწყებული, ცნობილი გახდა პარასკევს, 6 მარტს.
ამ დღეს რადიო თავისუფლებამ მამუკა მდინარაძის უწყებას ჰკითხა, რა ინფორმაციას ფლობდა უსაფრთხოების სამსახური საბერძნეთში ირანის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული საქართველოს მოქალაქის შესახებ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან მოსულ წერილში ეწერა, რომ ყურადღებით აკვირდებიან ბოლო დღეებში "სხვადასხვა პირის" მიერ გავრცელებულ ინფორმაციას "საქართველოში სხვა ქვეყნების მხრიდან კადრების ხსენებული თუ მინიშნებული მიზნებით რეკრუტირების შესახებ".
"ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია.
დაწყებულია გამოძიება და განცხადებების ავტორებს დაესმებათ კითხვები ყველა მიმართულებით, მათ შორის, საშუალება მიეცემათ გამოძიების ფარგლებში მაინც მიუთითონ რაიმე კონკრეტული ფაქტის შესახებ", - ნათქვამი იყო სუსის მიერ წერილობით გამოგზავნილ პასუხში.
მანამდე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია - რა მუხლით წარმოებს გამოძიება, არც მერე უთქვამთ.
სუს-ის ამ ტექსტამდე საქართველოში ირანის სავარაუდო გავლენების ზრდაზე საჯარო სივრცეში გაკეთებული განცხადებების გამო, ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის და ყოფილი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის შესაძლო სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ მიანიშნა ჟურნალისტებთან საუბრისას "ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა, დედაქალაქის მერმა კახი კალაძემ.
გამოძიების ფონია ირანში საომარი მოქმედებები და უმაღლესი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ახალი მმართველის არჩევის მოლოდინი.
ფორუმი