Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სუს-ი გივი თარგამაძესაც იბარებს გამოკითხვაზე - თუმცა, სუს-ის თქმით, მას ტელეფონი აქვს გათიშული

მოკლედ

  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თინა ხიდაშელის, გუბაზ სანიკიძის და გიორგი კანდელაკის შემდეგ გივი თარგამაძესაც იბარებს გამოკითხვაზე - გამოძიება სავარაუდოდ მისი საჯაროდ გავრცელებული განცხადებებით არის დაინტერესებული ირანის თემაზე.
  • სუს-დან თარგამაძეს ჯერჯერობით ვერ დაუკავშირდნენ: უწყებაში აცხადებენ რომ მას ტელეფონი გათიშული აქვს და იმედი აქვთ, "მედიასაშუალებებიდან შეიტყობს ან გადასცემენ, რომ დაბარებულია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში."
  • სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს საზოგადოებისთვის არ უცნობებია რა მუხლის ქვეშ ან როდის დაწყებული გამოძიების ფარგლებში იბარებს პოლიტიკოსებს.

როგორც რადიო თავისუფლებას უთხრა გიორგი კანდელაკმა, გამოძიება, რომლის ფარგლებშიც დაიბარეს, სსკ-ის 319 მუხლით მიმდინარეობს, რაც უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს.

გამოკითხვაზე დაბარებული ოთხივე პოლიტიკოსი, სავარაუდოდ ირანთან დაკავშირებული საჯარო განცხადებების გამო მოხვდნენ სუსის ყურადღების ცენტრში. საუბარია საქართველოში ირანის გავლენების სავარაუდო გაზრდასა და საქართველოს მოქალაქეების შესაძლო გადაბირებაზე.

"ვსწავლობთ როგორც ფაქტობრივი მოცემულობის საწინააღმდეგო ამ განცხადებების შინაარსს, აგრეთვე მათი ავტორების მოტივაციას, დაადანაშაულონ საქართველო მსგავს საკითხებში, განსაკუთრებით რეგიონში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების ფონზე და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ასეთი განცხადებების არცერთ ავტორს სამართალდამცველებისთვის არასდროს არანაირი ინფორმაცია არ მოუწოდებია" - განუცხადა სუსმა რადიო თავისუფლებას 6 მარტს ირანის რბილი ძალისა და საბერძნეთში საქართველოს მოქალაქის ირანისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავების შესახებ გაგზავნილი კითხვების პასუხად.

სუსი-ს განცხადება იმის შესახებ, რომ თარგამაძე დაბარებულია გამოკითხვაზე და მას ტელეფონით ვერ უკავშირდებიან, თავდაპირველად პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებით გავრცელდა.

თარგამაძემ მოგვიანებით ფეისბუკზე დაწერა, რომ საზღვარგარეთ იმყოფება და მზად არის კითხვებს ან წერილობით ან დაბრუნებისას უპასუხოს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს დატოვებისას პრობაციის ბიუროს უფროსის ხელმოწერილი დოკუმენტი წარადგინა, რომ ქვეყნიდან გასვლის უფლება ჰქონდა.

გივი თარგამაძემ საპატიმრო 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ, ახლახან, 2026 წლის 26 იანვარს დატოვა. სასამართლომ მას პატიმრობა და 2 წლით სახელმწიფო დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლების აკრძალვა სადავო პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო მიუსაჯა;

სუს-ში დაბარებული პირები ჩვენების მიცემას სასამართლოში, მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით აპირებენ.


გამოძიების ფონია ირანში საომარი მოქმედებები და უმაღლესი ლიდერის ლიკვიდაციის შემდეგ ახალი მმართველის არჩევის მოლოდინი.

თინა ხიდაშელი, "ქართული ოცნების" მთავრობის ყოფილი თავდაცვის მინისტრია. დღეს ის "სამოქალაქო იდეას" ხელმძღვანელობს; ისტორიკოსი გუბაზ სანიკიძე 4 მოწვევის პარლამენტის წევრი და ყოფილი ვიცე-სპიკერია; გიორგი კანდელაკი სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის პროექტების მენეჯერი, და გივი თარგამაძე, ასევე სამი მოწვევის პარლამენტის წევრი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG