აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს ახალი საბრძოლო კოალიციის შექმნას დასავლეთ ნახევარსფეროში "ნარკოკარტელების აღმოსაფხვრელად". მისი თქმით, ალიანსს უკვე შეუერთდა 17 სახელმწიფო.
ეს განცხადება გაკეთდა "ამერიკის ფარის" სახელით მიმდინარე სამიტზე, რომელსაც ტრამპი 7 მარტს ატარებს მაიამიში, ლათინური ამერიკის ქვეყნების ლიდერებთან ერთად - შეხვედრაში, მათ შორის, მონაწილეობენ არგენტინა, პარაგვაი, ბოლივია, სალვადორი, ეკვადორი, ჰონდურასი, პერუ. სამიტზე ძირითადად ვაშინგტონის მომხრე ხელისუფლებების წარმომადგენლები იმყოფებიან.
პენტაგონის წარმომადგენლებმა გამოაცხადეს აშშ-ის მზადყოფნაზე პარტნიორების მხარდაჭერის გარეშეც შეებრძოლონ ნარკოკარტელებს ლათინურ ამერიკაში. რეგიონში აშშ-ის სამხედრო წარმომადგენლობისა და სპეცოპერაციების გაფართოებას ანალიტიკოსები აღიქვამენ ვაშინგტონის გავლენის ახალი არქიტექტურის ნაწილად.
გარდა ამისა, ტრამპი აცხადებს, რომ აშშ-სთან შეთანხმების გაფორმება სურს კუბას და უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები მასთან და სახელმწიფო მდივანთან, მარკო რუბიოსთან.
ტრამპის მიერ იანვარში ხელმოწერილი ბრძანება შესაძლებელს ხდის გადასახადების დაწესებას იმპორტზე იმ ქვეყნებიდან, რომლებიც კუბას პირდაპირ ან ირიბად აწვდიან ნავთობს. თეთრი სახლი მაშინ აცხადებდა, რომ კუბის რეჟიმი ინარჩუნებს კავშირებს ბევრ მტრულად განწყობილ სახელმწიფოსთან და ბოროტი განზრახვის მქონე სუბიექტებთან, საკუთარ ტერიტორიაზე მათი სამხედროების და სადაზვერვო ობიექტების განთავსებით. ამის მაგალითად აშშ-მა მოიტანა ის, რომ კუბაზეა რუსეთის რადიოელექტრონული დაზვერვის უმსხვილესი საზღვარგარეთული ცენტრი, რომელიც "იპარავს საიდუმლო ინფორმაციას" და ხიფათს უქმნის აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას.
ფორუმი