9 მარტს, დიდი შვიდეულის (G7) ქვეყნების ფინანსთა მინისტრების ონლაინ-შეხვედრაზე ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IEA) გამოვიდა მოწოდებით კოორდინირებულად გამოთავისუფლდეს ნავთობის საავარიო რეზერვები - ამ ცნობას ავრცელებს იაპონიის ფინანსთა მინისტრი, სატსუკი კატაიამა.
"IEA გამოვიდა მოწოდებით თითოეულმა ქვეყანამ ნავთობის რეზერვები კოორდინირებულად გამოათავისუფლოს" - ამბობს კატაიამა და დასძენს - "შექმნილი ვითარების პასუხად... G7-ი შეთანხმდა ყურადღებით მიადევნოს თვალი ენერგიის ბაზარზე განვითარებულ პროცესებს და გაატაროს აუცილებელი ზომები ენერგიის გლობალური მიწოდების მხარდასაჭერად, მათ შორის ნავთობის რეზერვების გამოთავისუფლების გზით".
მინისტრებს და IEA-ის წარმომადგენლებს შეხვედრაზე შეუერთდნენ აღმასრულებელი პირები ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციიდან (OECD), ასევე მსოფლიო ბანკიდან და საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან, ამბობს კატაიამა. მის სიტყვებს ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
G7 მალე გამართავს წევრი სახელმწიფოების ენერგეტიკის მინისტრების შეხვედრას, სამომავლო ნაბიჯების განსახილველად - ამბობს კატაიამა.
9 მარტს ნავთობის ფასმა მიაღწია ნიშნულს, რომელიც მაქსიმალურია 2022 წლის შემდეგ. რამდენიმე მსხვილმა მაწარმოებელმა შეამცირა მიწოდება, აშშ-ისა და ისრაელის მხრიდან ირანის წინააღმდეგ ომის ფონზე ბაზარზე იზრდება შიში, რომ გადაზიდვების შეფერხება ხანგრძლივი იქნება.
იაპონია, რომლის მიერ მიღებული ნავთობის დაახლოებით 95 პროცენტი ახლო აღმოსავლეთზე მოდის, ფლობს მსოფლიოში ერთ-ერთ უდიდეს ნავთობის მარაგს.
ფორუმი