"მიმდინარე ოპერაციის სახელწოდება უჩვეულოა თავისი სიმწვავით", - ეუბნება რადიო თავისუფლებას სტრატეგიული და საერთაშორისო კვლევების უფროსი მკვლევარი, მარკ კანკიანი.
ასეთი ოპერაციების დასახელებები, როგორც წესი, უფრო გასაგები და უკეთ აღსაქმელია აუდიტორიისთვის. მაგალითად, "ერაყის თავისუფლება" - ასე ჟღერდა 2003 წელს ერაყში ინტერვენციის ოფიციალური სახელწოდება.
სავარაუდოა, რომ ირანთან მიმდინარე კონფლიქტის ოფიციალური სახელწოდება შეარჩიეს თავდაცვის სამინისტროს სამხედროების მიერ შედგენილი შედარებით ვრცელი სიიდან, ხოლო მთავარი კრიტერიუმი იქნებოდა, მათი აღქმა - თუ რისი გამოხატვა სურდა თავდაცვის მინისტრ პიტ ჰეგსეთს.
ვითარებაში გაცნობიერებული წყაროები ამბობენ, რომ წინა შემთხვევებში იქმნებოდა შესაძლო დასახელებების დაახლოებით 3-გვერდიანი სია და სწორედ იქიდან ხდებოდა საბოლოო სახელწოდების შერჩევა.
ჯეიმს დოუსი, ომის ენის შესახებ წიგნის ავტორი, ასევე ამბობს, რომ "ეპიკური მრისხანება" უჩვეულო, მიღებულ ტრადიციასთან აცდენილი სახელწოდებაა. სახელები წარსულში, როგორც წესი, ხაზს უსვამდა ოპერაციის "მორალურ მიზანს და დისციპლინას, მაგალითად, "მტკიცე თავისუფლება" - ეს იყო ავღანეთში ინტერვენციის ოფიციალური სახელი.
მეტიც, "ეპიკური მრისხანებაა" აცდენილია ტრამპის ადმინისტრაციის მიერ ინიციირებული სხვა სამხედრო ოპერაციების სახელებთანაც: "შუაღამის ჩაქუჩთან" ან "სამხრეთის შუბთან" შედარებით, ეპიკური მრისხანება უკიდურეს ემოციურ მდგომარეობაზე მიგვანიშნებს, რომელიც რთულად, ან საერთოდ არ ექვემდებარება კონტროლს.
1995 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში ამერიკული არმიის ოფიცერი, გრეგორი სიემინსკი სამხედრო ოპერაციების კოდურ სახელწოდებებს კონფლიქტის პირველ და გადამწყვეტ ტყვიას უწოდებს, რომელიც უდიდეს გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აღქმაზე.
სიემინსკი წერს, რომ არმიის მორალური სიცხადისა ხელშეწყობის გარდა, ოფიციალური სახელწოდება შესაძლოა მიმართული იყოს მტრის წინააღმდეგაც და ამის მაგალითად 1991 წელს სპარსეთის ყურის პირველ ომამდე რამდენიმე თვით ადრე, საუდის არაბეთში გამართული სწავლებების დასახელება - "გარდაუვალი ჭექა-ქუხილი" მოჰყავს. ასეთი სახელწოდებით ამერიკელები სადამ ჰუსეინის და ერაყის არმიის დაშინებას ისახავდნენ მიზნად.
თავის მხრივ, სამხედრო ოპერაციებისთვის ოფიციალური სახელწოდებების მინიჭების ტრადიცია პირველი მსოფლიო ომიდან მოდის, როდესაც გერმანელმა მეთაურებმა სამხედრო მოქმედებებისთვის დასამახსოვრებელი და ხანდახან შთამაგონებელი დასახელებების მოფიქრება დაიწყეს.
1920-იანი წლებიდან სამხედრო ოპერაციების სახელების დარქმევა დაიწყო ამერიკულმა არმიამაც და როგორც წესი, სახელი ემთხვეოდა ხოლმე ქაღალდის ფერს, რომელზეც იყო დატანილი მოქმედებების გეგმა, მაგალითად, “ნარინჯისფერი გეგმა”.
მეორე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას ნაცისტურმა გერმანიამ რამდენიმე შეცდომა დაუშვა, როდესაც საიდუმლო ოპერაციებს ისეთი სახელები მიანიჭა, რომლებიც კონკრეტულ მოქმედებებსა და შეტევის შესაძლო მიმართულებაზე ინფორმაციებს შეიცავდა. მაგალითად, ბრიტანელებს ხელში ჩაუვარდათ ოპერაცია "ზღვის ლომის" შესახებ ცნობები, საიდანაც გასაგები გახდა, რომ გერმანია გეგმავდა “ამფიბიურ ოპერაციას” ბრიტანეთის სანაპიროზე.
სამხედრო ოპერაციების სახელწოდებებით დაინტერესებას გამოხატავდა უინსტონ ჩერჩილი - ის თავის სამხედრო მეთაურებს ურჩევდა, მორიდებოდნენ ზედმეტად თავდაჯერებულ და ქედმაღალ დასახელებებს.
კოდური სახელწოდებების გასაჯაროება ამერიკაში მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დაიწყეს, თუმცა რამდენიმე წარუმატებელი დასახელების შემდეგ 1970-იანი წლებიდან შეიცვალა სახელების შერჩევის წესები, რომელთა მიხედვითაც დასახელება უნდა იყოს 2-სიტყვიანი და არ უნდა იყოს ზომაზე მეტად აგრესიული.
1995 წლის კვლევაში სიემინსკი მეთაურებს ურჩევს, შეარჩიონ შინაარსიანი და დასამახსოვრებელი სახელები. მისი თქმით, ეს დელიკატური სემანტიკა მეცნიერებაზე მეტად ხელოვნებაა.