9 მარტს, აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან გამართულ სატელეფონო საუბარში რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმირ პუტინი გამოვიდა წინადადებებით ირანის გარშემო კონფლიქტის სწრაფად დასასრულებლად - ამბობს საგარეო პოლიტიკის საკითხებში კრემლის მრჩეველი, იური უშაკოვი.
უშაკოვმა ჟურნალისტებთან პრეზიდენტების სატელეფონო საუბარი შეაჯამა და თქვა, რომ პუტინმა და ტრამპმა უკრაინის კონფლიქტზეც ილაპარაკეს. უშაკოვის თქმით, საუბრისას აღინიშნა, რომ რუსეთის წინსვლამ უკრაინის წარმომადგენლებს კონფლიქტის გადაჭრის ძალისხმევისკენ უნდა უბიძგოს.
უშაკოვმა მთელ საუბარს უწოდა "ძალიან სიღრმისეული" და თქვა, რომ ამას "სავარაუდოდ ექნება პრაქტიკული მნიშვნელობა ორ ქვეყანას შორის შემდგომი მუშაობისთვის".
უშაკოვის თქმით, პუტინმა "გამოთქვა რამდენიმე მოსაზრება, რომლებიც მიმართულია ირანის კონფლიქტის სწრაფი პოლიტიკური და დიპლომატიური დასრულებისკენ, მათ შორის კონტაქტები, რომლებიც შედგა სპარსეთის ყურის სახელმწიფოთა ლიდერებთან, ირანის პრეზიდენტთან და სხვა ქვეყნების ლიდერებთან".
კრემლის მრჩევლის სიტყვებით, ტრამპმა გააზიარა "აშშ-ისრაელის ოპერაციის თავისი შეფასებები. ვიტყოდი, რომ შედგა მოსაზრებების ძალიან სიღრმისეული და ნამდვილად გამოსადეგი გაცვლა".
უშაკოვის თქმით, ტრამპი თვლის, რომ აშშ-ის ინტერესშია "უკრაინაში კონფლიქტის სწრაფი დასრულება, ცეცხლის შეწყვეტით და გრძელვადიანი გადაწყვეტით".
უკრაინის მოვლენებში, მისი თქმით, იკვეთება "რუსეთის სამხედროების საკმაოდ წარმატებული წინსვლა. როგორც აღინიშნა, ეს არის ფაქტორი, რომელმაც კიევის რეჟიმს უნდა უბიძგოს ბოლოს და ბოლოს შეუდგეს მოლაპარაკებების გზას, კონფლიქტის მოსაგვარებლად".
უშაკოვის თქმით, პუტინმა და ტრამპმა ილაპარაკეს ვენესუელაში შექმნილ ვითარებაზეც, ნავთობის გლობალური ბაზრების კონტექსტში.
საუბრის სხვა დეტალები ცნობილი არ არის. აშშ-ის მხარეს ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია ცნობა ამ სატელეფონო ზარის შესახებ.
მანამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ რუსეთი ირანს აწვდის სადაზვერვო მონაცემებს ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის ბაზებზე დარტყმების განსახორციელებლად - კერძოდ, მონაცემებს აშშ-ის სამხედრო ობიექტების ადგილმდებარეობაზე, სამხედრო ხომალდების და თვითმფრინავების ჩათვლით. თუმცა ტრამპი და აშშ-ის სხვა ოფიციალური პირები ამ ფაქტორს დიდ მნიშვნელობას არ ანიჭებდნენ.
ფორუმი