რა არის ცნობილი 11 მარტის დილისთვის
ირანმა გამოაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შემდეგ „ყველაზე ინტენსიური“ და მასირებული შეტევა მიიტანა ისრაელზე და რეგიონში განთავსებულ ამერიკულ ობიექტებზე.
„ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის“ სახელით ეს განცხადება ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ გაავრცელა. თეირანის თანახმად, გასულ ღამით განხორციელებული შეტევისას გამოყენებული იყო შორ მანძილზე მოქმედი ბალისტიკური რაკეტებიც „ხორამშაჰრი“.
„გუშაგთა კორპუსის“ განცხადებით, მიზანმიმართული და ძლიერი შეტევები გაგრძელდება და ომის მხოლოდ ერთ შედეგზე, „მტრის სრულ დანებებაზე“ ფიქრობენ.
ირანის ერთ-ერთი სამიზნე საუდის არაბეთში მდებარე პრინც სულთანის ავიაბაზა იყო.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოგერიებულია შვიდი ბალისტიკური რაკეტა, რომელთაგან ექვსი მიმართული იყო პრინც სულთანის ავიაბაზისკენ, ერთი კი ქვეყნის აღმოსავლეთ რეგიონისკენ.
- პრინც სულთანის ავიაბაზა საუდის არაბეთის ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. 1 მარტს, ირანის შეტევის შედეგად ამ ბაზაზე დაიჭრა ამერიკელი სამხედრო, რომელიც ერთი კვირის შემდეგ გარდაიცვალა.
საუდის არაბეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 11 მარტს დილით გავრცელებული ცნობით, შვიდი რაკეტის გარდა მოგერიებულია შვიდი უპილოტო საფრენი აპარატი.
აფეთქება იყო არაბთა გართიანებული საამიროების ქალაქ დუბაის აეროპორტთან. პრესსამსახურმა განაცხადა, რომ აეროპორტის მახლობლად ორი დრონის ჩამოვარდნის შედეგად დაშავდნენ ინდოეთის ერთი, ბანგლადეშის ერთი და განის ორი მოქალაქე.
ისრაელის თავდაცვის არმიის ინფორმაციით, შუაღამის შემდეგ საჰაერო თავდაცვის სისტემამ ირანის მხრიდან სამი სარაკეტო შეტევა მოიგერია. მანამდე მოქალაქეებს თავშესაფრებში გადასვლა მოსთხოვეს. ისრაელის მედია გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სამსახურზე დაყრდნობით წერს, რომ ინფორმაცია დაშავებულების შესახებ არ მიუღიათ.
ისრაელის არმიის თანახმად, 11 მარტს თეირანში მორიგი შეტევა მიიტანეს „ირანის ტერორისტულ რეჟიმზე“ და ლიბანში მისი მხარდამჭერი ჰეზბოლას პოზიციებზე. მედიასაშუალებების ცნობით, აფეთქებები იყო თეირანის იმ ნაწილში, სადაც საერთაშორისო აეროპორტია.
აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურმა სარდლობამ 11 მარტს განაცხადა, რომ ჰორმუზის სრუტის მახლობლად ირანს 10 მარტს გაუნადგურეს 16 გემი, რომლებსაც წყალში ნაღმების ჩადებისთვის იყენებდნენ. მანამდე ტელეკომპანია CNN-ი ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ თეირანმა სრუტის დანაღმვა დაიწყო.
მსოფლიოში მოპოვებული ნავთობის დაახლოებით მეხუთედის ტრანსპორტირება ჰორმუზის სრუტით ხდება.
11 მარტს დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა განაცხადა, რომ უცნობი წარმომავლობის ჭურვმა არაბთა გაერთიანებული საამიროების ნაპირიდან დაახლოებით 46 კილომეტრში დააზიანა კონტეინერმზიდი გემი. ცენტრის ინფორმაციით, ეკიპაჟის წევრები უსაფრთხოდ არიან. მიმდინარეობს ინციდენტის გამოძიება. ბრიტანეთის ამ სამსახურმა ყველა გემს მოუწოდა, დასახელებულ რაიონში განსაკუთრებული სიფრთხილე გამოიჩინონ.
განახლება: ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა კიდევ ორი ინციდენტის შესახებ განაცხადა. ჰორმუზის სრუტეში, ომანის ჩრდილოეთით ამოუცნობმა ჭურვმა დააზიანა სატვირთო გემი, რომლის ეკიპაჟი ევაკუირებულია, დუბაიდან 93 კილომეტრში კი ანალოგიური ინციდენტის შედეგად სატვირთო გემზე ხანძარი გაჩნდა და მისი ეკიპაჟიც უსაფრთხოდაა.
- ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ მასშტაბური სამხედრო ოპერაცია 2026 წლის 28 თებერვალს დაიწყეს. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- ირანმა აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციას უპასუხა რაკეტებითა და დრონებით შეტევებით ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში დისლოცირებულ ამერიკულ სამხედრო ბაზებზე. რეგიონის ქვეყნებში დარტყმის ქვეშ აღმოჩნდნენ სამოქალაქო ობიექტებიც, მათ შორის აეროპორტები და ნავთობის წარმოების ინფრასტრუქტურა.
ფორუმი