Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპის წარმომადგენლები პუტინის წარმომადგენელს შეხვდნენ

ფოტო არქივიდან. კირილ დმიტრიევი(მარცხნივ) მონაწილეობდა სტივენ უიტკოფთან რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეხვედრაში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში კრემლში გაიმართა
ფოტო არქივიდან. კირილ დმიტრიევი(მარცხნივ) მონაწილეობდა სტივენ უიტკოფთან რუსეთის პრეზიდენტ პუტინის შეხვედრაში, რომელიც 2025 წლის დეკემბერში კრემლში გაიმართა

აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი და ტრამპის სიძე ჯარედ კუშნერი, რომელიც უკრაინასა და რუსეთთან მოლაპარაკებების პროცესშია ჩართული, ფლორიდაში შეხვდნენ რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელს უცხოეთის ქვეყნებთან საინვესტიციო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებში კირილ დმიტრიევს.

შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე დმიტრიევმა განაცხადა, რომ რუსეთი და აშშ განიხილავენ რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების შერბილების საკითხს.

დმიტრიევთან 11 მარტს გამართული შეხვედრის შესახებ უიტკოფმა გვიან ღამით დაწერა სოციალურ ქსელ Х-ში. უიტკოფის ინფორმაციით, ამერიკული დელეგაციის შემადგენლობაში იყო თეთრი სახლის უფროსი მრჩეველი ჯოშ გრუენბაუმიც. მოლაპარაკების შინაარსი უცნობია. სტივ უიტკოფის მოკლე პოსტი სრულდება ზოგადი ფრაზით, რომ განიხილეს სხვადასხვა საკითხი და შეთანხმდნენ, რომ კავშირზე დარჩებიან.

უიტკოფის ამ პოსტს დმიტრიევმა Х-ში თავის გვერდზე ინგლისურად ერთი წინადადებით უპასუხა: „მადლობა სტივ, ჯარედ და ჯოშ პროდუქტიული შეხვედრისთვის“.

უიტკოფის და დმიტრიევის მიერ შეხვედრის ფაქტის დადასტურებამდე ფლორიდაში მათი მოლაპარაკების შესახებ ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერდნენ სააგენტო „როიტერსი“ და რუსეთის სახელმწიფო სააგენტო „ტასი“. „როიტერსის“ ცნობით, შეხვედრა ეკონომიკის საკითხებზე აშშ-რუსეთის სამუშაო ჯგუფის ფარგლებში მიმდინარეობდა.

  • უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო შეერთებული შტატების მხრიდან რუსეთთან შეწყვეტილი ეკონომიკური თანამშრომლობის აღდგენის ხელმძღვანელობა პუტინმა დმიტრიევს დაავალა მას შემდეგ, რაც ტრამპმა აშშ-ის პრეზიდენტად მეორე ვადით არჩევის შემდეგ გადაწყვიტა რუსეთთან კონტაქტების განახლება.

7 მარტს, მას შემდეგ, რაც პრეზიდენტ ტრამპის ადმინისტრაციამ ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის გამო ნავთობის ფასების სტაბილიზაციის მიზნით რუსეთისთვის სანქციების შერბილება არ გამორიცხა, კირილ დმიტრიევმა განაცხადა, რომ ამ საკითხს შეერთებულ შტატებთან განიხილავენ, რადგან „დასავლეთის სანქციები მსოფლიო ეკონომიკისთვის დამღუპველი აღმოჩნდა“.

განახლება: 12 მარტს, პუტინის სპეციალურმა წარმომადგენელმა ფლორიდაში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრის შესახებ პოსტი უკვე რუსულ პლატფორმა Max-ზე გამოაქვეყნა.

დმიტრიევის ინფორმაციით, განიხილეს პერსპექტიული პროექტები, რომლებსაც შეუძლიათ ხელი შეუწყონ რუსულ-ამერიკული ურთიერთობების აღდგენას და მსოფლიოს ენერგეტიკულ ბაზრებზე შექმნილი კრიზისული სიტუაცია. დმიტრიევის თანახმად, დღეს ბევრი ქვეყანა და პირველ ყოვლისა, აშშ იწყებენ იმის უკეთ გაგებას, თუ „რა როლი აქვთ რუსულ ნავთობს და გაზს მსოფლიო ეკონომიკის სტაბილურობის უზრუნველყოფაში“ და, რომ „რუსეთის საწინააღმდეგო სანქციები არაეფექტიანი და დესტრუქციული ხასიათისაა“.

კირილ დმიტრიევი უშუალოდ არ მონაწილეობს რუსეთის, უკრაინის და აშშ-ის სამმხრივ მოლაპარაკებაში, რომლის პირველი ორი რაუნდი არაბთა გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ-დაბიში გაიმართა 23-24 იანვარს და 4-5 თებერვალს, ხოლო მესამე - 17-18 თებერვალს შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში.

თუმცა დმიტრიევი იმყოფებოდა აბუ-დაბისა და ჟენევაშიც, სადაც აშშ-ის წარმომადგენლებთან ორმხრივი შეხვედრები გამართა. რუსეთის პრეზიდენტის წარმომადგენელი აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებს არაერთხელ შეხვდა ფლორიდაშიც.

5 თებერვალს დმიტრიევმა აბუ-დაბიში რუს ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ეკონომიკური მიმართულებით აშშ-რუსეთის ურთიერთობების აღსადგენად „შეხვედრები პოზიტიურად მიმდინარეობს“.




ფორუმი

XS
SM
MD
LG