Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპმა ჩინეთს სთხოვა პეკინში ვიზიტის გადადება

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის მეთაური სი ძინპინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სამხრეთ კორეაში. 2025 წლის 30 ოქტომბერი
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და ჩინეთის მეთაური სი ძინპინი აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტზე სამხრეთ კორეაში. 2025 წლის 30 ოქტომბერი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ჩინეთს სთხოვა, დაახლოებით ერთი თვით გადაიდოს პეკინში მისი ვიზიტი. ამის შესახებ თავად ტრამპმა უთხრა ჟურნალისტებს 16 მარტს, თეთრ სახლში.

„ომის გამო მინდა, რომ აქ ვიყო. ვგრძნობ, რომ აქ უნდა ვიყო“, - განაცხადა პრეზიდენტმა ტრამპმა.

  • აშშ ისრაელთან ერთად თებერვლის ბოლოდან აწარმოებს სამხედრო ოპერაციას ირანის წინააღმდეგ.
  • პრეზიდენტი ტრამპი ჩინეთის მეთაურთან, სი ძინპინთან შესახვედრად პეკინში გამგზავრებას მარტის ბოლოს გეგმავდა.

16 მარტს დონალდ ტრამპმა მედიას ისიც უთხრა, რომ მას და სი ძინპინს ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ და შეხვედრას მოუთმენლად ელოდება.

15 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა გამოცემა Financial Times-თან ინტერვიუში თქვა, რომ ნატოელი მოკავშირეებისა და ჩინეთისგან ითხოვენ ჩართვას ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს დახმარების შესახებ ჩინეთის პოზიცია შეხვედრამდე იცოდეს და მისი გადადება არ გამორიცხა.

  • მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. ამან ხელი შეუწყო საწვავის გაძვირებას.

აშშ-ის ფინანსთა მინისტრმა სკოტ ბესენტმა 16 მარტს ტელეკომპანია CNBC-ს განუცხადა, რომ პეკინში პრეზიდენტის ვიზიტის გადადება არ უკავშირდება იმას, რომ მან ჩინეთს მოსთხოვა ჰორმუზის სრუტის დაცვა.

15 მარტს ბესენტმა და აშშ-ის სავაჭრო წარმომადგენელმა ჯეიმისონ გრირმა ჩინეთის დელეგაციასთან პარიზში გამართეს შეხვედრა ორი ქვეყნის ლიდერთა სამიტის მოსამზადებლად.

  • 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
  • აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ჰორმუზის სრუტე და დაიმუქრა, რომ ბარელი ნავთობის ფასი 200 აშშ დოლარს გადააჭარბებდა.
  • 9 მარტს ბარელი ნავთობის ფასმა 2022 წლის შემდეგ პირველად გადააჭარბა 100 აშშ დოლარს.







ფორუმი

XS
SM
MD
LG