- მსოფლიოში ნავთობისა და გათხევადებული ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისთვის უმნიშვნელოვანეს სრუტეში ნაოსნობა პრაქტიკულად, შეწყვეტილია აშშ-ისრაელსა და ირანს შორის საბრძოლო მოქმედებების გამო. ირანმა სრუტე ფაქტობრივად, დაბლოკა. ამან ხელი შეუწყო საწვავის გაძვირებას.
15 მარტს პრეზიდენტმა ტრამპმა გამოცემა Financial Times-ს განუცხადა, რომ თუ მოკავშირეები უარს იტყვიან დახმარებაზე ჰორმუზის სრუტის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, ეს ნატოს მომავლისთვის „ძალიან ცუდი“ იქნება.
ტრამპის თქმით, აშშ ვალდებული არ იყო მათ(ევროპელებს) დახმარებოდა უკრაინის გამო, რადგან უკრაინა ამერიკისგან ათასობით მილითაა დაშორებული, მაგრამ დაეხმარა.
ამასთან, ტრამპს ევროპელების მხრიდან დახმარებაში ეჭვი ეპარება. „ვნახოთ, ახლა ისინი დაგვეხმარებიან თუ არა, რადგან დიდი ხანია ვამბობ, რომ ჩვენ მათ გვერდით ვიქნებით, მაგრამ ისინი არა“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა. შეკითხვას, რა სახის დახმარებას ითხოვენ, ტრამპმა უპასუხა, რომ ნებისმიერს, რაც საჭიროა, მათ შორის გემებით, რომლებსაც შეუძლიათ ნაღმები აღმოაჩინონ და გააუვნებლონ.
ნატოს წევრი სახელმწიფოები ვალდებული არიან ერთმანეთს თავდასხმის შემთხვევაში დაეხმარონ, მაგრამ მსგავსი ვალდებულება არ არსებობს, როცა ალიანსის რომელიმე წევრი ომს თავად იწყებს.
დონალდ ტრამპის თანახმად, ჰორმუზის სრუტის დაცვაზე უნდა ზრუნავდნენ ქვეყნები, რომლებსაც ამ სრუტიდან ყველაზე დიდი სარგებელი აქვთ. მათ შორის აშშ-ის პრეზიდენტმა დაასახელა ჩინეთი, რომლის ლიდერთან, სი ძინპინთან მარტის ბოლოს შეხვედრა აქვს დაგეგმილი. ტრამპმა განაცხადა, რომ სურს დახმარების შესახებ ჩინეთის პოზიცია შეხვედრამდე იცოდეს და მისი გადადება არ გამორიცხა.
14 მარტს აშშ-ის პრეზიდენტმა თავისი სოციალური ქსელის, Truth Social-ის ოფიციალურ გვერდზე დაწერა, რომ ირანის სამხედრო პოტენციალი 100% გაანადგურეს, მაგრამ მას შეუძლია ერთი-ორი დრონი გაგზავნოს, ნაღმი ჩამოაგდოს, ან ახლო მანძილზე მოქმედების რაკეტა გაუშვას ჰორმუზის სრუტისკენ.
ამიტომ, ტრამპის თანახმად, ბევრი ქვეყანა, განსაკუთრებით ირანის მიერ სრუტის დაკეტვის მცდელობით დაზარალებულები, შეერთებულ შტატებთან ერთად გაგზავნიან გემებს, რათა სრუტე ღია და უსაფრთხო იყოს. ტრამპს კონკრეტული ქვეყნები არ დაუსახელებია. მან იმედი გამოთქვა, რომ გემებს გაგზავნიან სრუტის ხელოვნურად შეზღუდვით დაზარალებული ჩინეთი, საფრანგეთი, იაპონია, სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი და სხვა ქვეყნები.
15 მარტს სატელეფონო საუბარი შედგა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერსა და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შორის. BBC-ს ცნობით, საუბარი 15 წუთს გაგრძელდა.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურმა გაავრცელა მოკლე, ზოგადი ინფორმაცია, რომ ლიდერებმა განიხილეს ახლო აღმოსავლეთში შექმნილი სიტუაცია და ჰორმუზის სრუტის გახსნის მნიშვნელობა.
ფორუმი