აზერბაიჯანული მედიის ცნობით, ილჰამ ალიევმა ირაკლი კობახიძეს წერილობით მიუსამძიმრა და დაწერა:
„მისმა უწმინდესობა ილია II-მ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრობისა და თანამშრომლობის კავშირების განვითარებასა და განმტკიცებაში“.
„ვიზიარებ ამ ღრმა დანაკარგის გამო თქვენს მწუხარებას გითანაგრძნობთ თქვენ, სრულიად ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის სახელით“, - წერს ილჰამ ალიევი.
ნიკოლ ფაშინიანი კი ირაკლი კობახიძისთვის გაგზავნილ წერილში წერს:
„მწუხარებით შევიტყვე სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების შესახებ. მისი თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მოღვაწეობის განმავლობაში, ილია II-ის ცხოვრება და მსახურება სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს“.
„სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით, გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე საქართველოს ხალხს და ვუსურვებ მათ ძალასა და გამძლეობას ამ რთულ დროს“, - წერია ფაშინიანის წერილში.
კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების შემდეგ სამძიმრის წერილებს ავრცელებენ ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიების მეთაურები, სხვადასხვა ქვეყნის სასულიერო ლიდერები და საერთაშორისო პოლიტიკური ფიგურები.
- 2026 წლის 17 მარტს, გვიან საღამოს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი ილია მეორე, ერისკაცობაში ირაკლი შიოლაშვილი.
- 1977 წელს კათოლიკოს-პატრიარქად აღსაყდრების შემდეგ, თითქმის ნახევარი საუკუნის განმავლობაში უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას
- ბოლო წლების განმავლობაში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.
- იგი გარდაიცვალა თბილისში, კლინიკა „კავკასიის მედიცინის ცენტრში“, ჰოსპიტალიზაციიდან მეორე დღეს.
- კათოლიკოს-პატრიარქის გარდაცვალების გამო საქართველოში გლოვა გამოცხადდა.
ფორუმი