განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ მარიამ ლაშხმა თავის შესავალ სიტყვაში თქვა, რომ უნდა იმსჯელონ, "რომ გვყავდეს ღირსეული ადამიანები, რომლებიც სცენას პოლიტიკურ ინსტრუმენტად არ გამოიყენებენ".
"მოგეხსენებათ, სახელოვნებო განათლება არის ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტი და ერთად უნდა ვიმსჯელოთ იმისთვის, რომ კიდევ ერთი ახალი გვერდი დაიწეროს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, შეიქმნენ ის ახალგაზრდები, რომლებიც, ერთის მხრივ, ჩვენი ქვეყნის ბიოგრაფიის შემქმნელები არიან, მაგრამ ასევე არიან ის ღირსეული ადამიანები, რომლებიც თუნდაც სცენას არ გამოიყენებენ პოლიტიკურ ინსტრუმენტად და ხელოვნებას მისცემენ შესაბამის პატივისცემას - იმ ღირსებას, რომლითაც დღევანდლამდე მოვიდა ჩვენი ქვეყანა", - თქვა მარიამ ლაშხმა.
მოგვიანებით კი, როდესაც შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა თავისი მოხსენება დაასრულა, ლაშხმა კიდევ ერთხელ ისაუბრა "სცენის პოლიტიკურ ასპარეზად გამოყენებაზე".
სცენა - პოლიტიკური სარბიელი
"სამწუხაროა, რომ სცენა დღეს აქციეს პოლიტიკურ სარბიელად და პოლიტიკურ სარბიელად როდესაც აქცევ სცენას, ეს მისი არა პატივისცემა, არამედ მისი დაკნინებაა. გემოვნების ჩამოყალიბებისთვის ქართულ თეატრს რამხელა მნიშვნელობა აქვს, რამხელა როლი აქვს შეტანილი და ვფიქრობ, მნიშვნელოვანია ის ესთეტიკა, რაც ახასიათებს ხელოვნებას, ძალიან მნიშვნელოვანია დავიცვათ და არ იყოს სცენა და თუნდაც ტელეპროდუქტი ქცეული ინსტრუმენტად და მე იმედი მაქვს, რომ ამ კუთხით გათვალისწინება მოხდება", - თქვა მარიამ ლაშხმა.
მანვე ისაუბრა პროევროპულ აქციებზე დაკავებული (ანდრო ჭიჭინაძის) და აქციებში ჩართული მსახიობების შესახებაც და იმის საილუსტრაციოდ, რომ მსახიობობა და ზოგადად ნებისმიერი პროფესია "ინდულგენცია არ არის", მოიყვანა საქმე წარმოშობით პოლონელი, საფრანგეთის მოქალაქე რეჟისორის, რომან პოლანსკისა, რომელსაც არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირში ადანაშაულებდნენ.
"ჩვენ ვიცით, რომ ამ კუთხით არსებობს საზოგადოებაში წუხილი და არსებობს წუხილი იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მსახიობობა თუ ნებისმიერი პროფესია გარკვეული ინდულგენციაა. რომან პოლანსკი ახსენეთ, ფრანგული კულტურის სახე, რომელსაც "ოსკარის" ლაურეატობასთან ერთად უდიდესი როლი და წვლილი აქვს არაერთი კულტურული მემკვიდრეობის დატოვების [მხრივ], თუმცა საფრანგეთის ხელისუფლებისთვის და ზოგადად კანონისთვის ეს არ ყოფილა რაიმე ტიპის ინდულგენცია და ჩვენ გვახსოვს, რომ პარიზში მისი დაკავება მოხდა არა იმიტომ, რომ შემოქმედებით ნაწილში რაიმე ცენზურა დაუწესა, არამედ კონკრეტული სამართლებრივი ნორმა ჰქონდა დარღვეული და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ზღვარი სამართლებრივ ნორმასა და შემოქმედებით ნაწილში იყოს ძალიან კარგად და ღირსეულად დაცული და მე იმედი მაქვს, რომ ის ისტორია, რაც დღეს მოუტანა სახელოვნებო დიდმა მოღვაწეებმა, ამას ღირსეულად გავაგრძელებთ და კიდევ უფრო უკეთეს ეპოქას შევქმნით", - თქვა მარიამ ლაშხმა.
რომან პოლანსკი 2009 წელს შეერთებული შტატების მოთხოვნით შვეიცარიის პოლიციამ ციურიხში დააკავა. ედავებოდნენ 1978 წელს სქესობრივ ურთიერთობას 13 წლის გოგოსთან. პოლანსკიმ დანაშაული აღიარა. გირაოს საფუძველზე გათავისუფლებული პოლანსკი საფრანგეთში გადავიდა და მას შემდეგ შეერთებულ შტატებში აღარ გამოჩენილა. 2017 წელს ქალმა, რომელიც პოლანსკის გაუპატიურებაში ადანაშაულებდა, ლოს-ანჯელესის სასამართლოს მიმართა, შეეწყვიტათ საქმე და არ დაეკავებინათ იმჟამად 83 წლის რეჟისორი.
მსახიობ ანდრო ჭიჭინაძეს, ათობით სხვა დემონსტრანტთან ერთად, 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში გამართული აქციების დროს ჯგუფური ძალადობის ბრალდებით ორწლიანი პატიმრობა აქვს მისჯილი. საქმე ამჟამად სააპელაციო სასამართლოში განიხილება.
მარიამ ლაშხის პასუხად, ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე ვრცლად ისაუბრა შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა და თქვა, რომ უნივერსიტეტში იყო საკმაოდ დიდი "ტურბულენტობა" და "დიდი შრომა დასჭირდათ", რომ სტუდენტებისთვის "ყველაფერი გასაგები გამხდარიყო".
ახალგაზრდები ყველა იოლად "ასაგდები" ნაწილია - რექტორი
"ეს კითხვა ფაქტობრივად არ არის. ეს არის ფაქტის კონსტატაცია - კანონის წინაშე ყველა თანაბარი უნდა ვიყოთ და არ შეიძლება გამოყენებული იქნეს სხვა მიზნისთვის - არ შეიძლება საჯინიბო იყოს ქათმების ფერმა - სიტყვაზე ვამბობ, უკაცრავად ამ შედარებისთვის. თეატრს აქვს ძალზედ ხმამაღლა სათქმელი თავისი ფუნქციიდან გამომდინარე და ქართული თეატრი იყო ის ორგანიზაცია, ის ფენომენი, რომელმაც ეროვნული იდენტობა შემოუნახა წლების მანძილზე და გიორგი ერისთავის თეატრიც მაგიტომ შეიქმნა და ქართულ თეატრს სათავეში ედგნენ ილია ჭავჭავაძე და დიმიტრი ყიფიანი - ორივე მოწამეობრივად მოკლული. ამ ტრადიციის შენარჩუნება ძალზედ მნიშვნელოვანია, საკმაოდ დიდი ტურბულენტობა და რყევები იყო ჩვენთანაც, რაც ძალზედ რთულად აისახა, მაგრამ დღეს, მადლობა ღმერთს, ძალიან დიდი შრომა დაგვჭირდა, რომ გასაგები გამხდარიყო ბევრი რამ ახალგაზრდებისთვის. ახალგაზრდები არიან ყველაზე მოწყვლადი ნაწილი, იოლად დასაზიანებელი ნაწილი, როგორ ვთქვა, იოლად ასაგდები და ცნობილია ესეც, რომ ყველა რევოლუცია სტუდენტების ხელით ხდებაო. ძალზედ ადვილია დააჯერო ახალგაზრდა, რომ ხელის გაწვდენაზეა სამოთხე, ემოციებიდან გამომდინარე", - თქვა გიორგი შალუტაშვილმა.
მისი სიტყვებით, ახლა უნივერსიტეტში შემოქმედებითი და პედაგოგიური საქმიანობა მიდის შეუფერხებლად.
"ამას უკვე ხმამაღლა სათქმელად არ ვამბობ, საჯაროდ არ არის, უბრალოდ ადამიანურად გიზიარებთ, რომ ძალიან აქტიური იყვნენ ის ადამიანები, ვინც გამოხატავდნენ, რომ რეალურად იყვნენ, ფაქტობრივად, გარკვეული ინსინუაციების მსხვერპლი. არაერთი შემთხვევა იყო, როდესაც მოდიოდნენ, ბოდიშს იხდიდნენ იმისთვის, რომ რეალურად სხვებს აზიანებდნენ. რეალობა იყო ეს, რომ 20-25 აქტივისტი რეალურად აბულინგებდა 600-700 სტუდენტს, რეალობა ეს იყო... მადლობა ღმერთს, რომ დაწყნარდა, დამშვიდდა და იმედი მაქვს, ყველაფერი გადავა ჩვეულებრივ, ღირსეულ, პოლიტიკურ [პროცესში] და ძალიან მომწონს, რომ ეს დიალოგი დაიწყო".
"მოწყვლადი სტუდენტები"
მოგვიანებით მარიამ ლაშხმა, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორის, ყარამან ქუთათელაძის სიტყვით გამოსვლისას სტუდენტებზე, როგორც "მოწყვლად ჯგუფზე" და განათლების რეფორმის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"ღირებულების გარეშე, ვხედავთ, როგორი მოწყვლადები არიან ახალგაზრდები და ვითომ ნეიტრალიტეტის საბაბით, არც ეთიკურები არიან, არც სამოქალაქო პასუხისმგებლობა აქვთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ ზოგად განათლებას როდესაც იღებს ადამიანი, ამ რეფორმის ნაწილშიც გვაქვს ზუსტი ხედვა, რომ ზოგად განათლებაში ჩვენ ვაძლევთ განათლებას, ღირებულებით განათლებას და ის ღირებულებითი გაკვეთილები, რაც დაინერგა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მათ გაუჩნდეთ ფესვი და ადვილად მოწყვლადები არ იყვნენ ყველა ნიავის დაბერვაზე და შემდგომ არის უკვე უმაღლესი განათლება, სადაც თავად წყვეტს, რა იდეოლოგია ჩამოუყალიბდეს, ეძლევა კრიტიკული აზროვნების უნარები, თავად აირჩიოს, გადაწყვიტოს და ვფიქრობ, ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი გარდატეხა მოხდება განათლების სისტემაში და რეფორმა ძალიან დიდ წვლილს შეიტანს ამ კუთხით", - თქვა ლაშხმა.
სამხატვრო აკადემიის რექტორმა ყარამან ქუთათელაძემ მას უპასუხა, რომ "სავსებით ეთანხმება", მაგრამ დაამატა:
"ჩვენთვის, აკადემიის მესვეურებისთვის და იქ მომუშავე ხალხისთვის, რა თქმა უნდა, სხვადასხვა გემოვნებები აქვთ, მაგრამ ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, რომ ახალგაზრდა გამოვიდეს აკადემიიდან ადამიანი. ადამიანი იყოს ჰომო საპიენსი (მოაზროვნე ადამიანი) და არა ჰომო დეუსი (ღმერთკაცი).
"ჰომო დეუსი“ (Homo Deus: A Brief History of Tomorrow) არის იუვალ ნოახ ჰარარის წიგნი, რომელიც განიხილავს კაცობრიობის მომავალს. ის აღწერს გადასვლას "გონიერი ადამიანიდან" (Homo sapiens) "ღვთაებრივ ადამიანზე" (Homo Deus), რომელიც ტექნოლოგიების, ხელოვნური ინტელექტისა და ბიოინჟინერიის მეშვეობით მიაღწევს უკვდავებას, ბედნიერებასა და ღვთაებრივ ძალაუფლებას.
პარლამენტის ორი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე მიწვეული იყვნენ ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი გიორგი ვაჩნაძე, აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის რექტორი ყარამან ქუთათელაძე, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი გიორგი შალუტაშვილი და “გიორგი მთაწმინდელის სახელობის გალობის უნივერსიტეტის“ პრორექტორი თათია ჩხეიძე.
დღის წესრიგი ითვალისწინებდა უმაღლესი სახელოვნებო სასწავლებლების წარმომადგენლების გაწეული საქმიანობისა და არსებული გამოწვევების შესახებ ანგარიშის მოსმენას, ასევე “უმაღლესი განათლების რეფორმის მნიშვნელობას სახელოვნებო-შემოქმედებითი სფეროს მდგრადი განვითარების კონტექსტში“.
პროდასავლური აქციები და თეატრალურის სტუდენტები
გასული წლის მარტში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი შალუტაშვილმა ეთიკის კომისიის მიერ 10 სტუდენტისთვის სტატუსის შეწყვეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება შეცვალა. პროევროპულ აქციებში ჩართულ 10 სტუდენტს სტატუსი გასულის წლის 10 მარტს შეუწყდა. ერთი დღით ადრე, 9 მარტს კი, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს უნივერსიტეტის შენობაში დაკავებული სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა - ადმინისტრაციამ ახალგაზრდებს შეატყობინა, რომ შენობაში დეზინფექცია იყო ჩასატარებელი.
უნივერსიტეტის ფოიეს მცირე ნაწილი და ერთი აუდიტორია სტუდენტებმა გასული წლის 17 დეკემბერს, ქვეყანაში მიმდინარე პროევროპული აქციების პარალელურად დაიკავეს - მას შემდეგ, რაც პოლიციამ არაერთი ადამიანი, მათ შორის ამავე უნივერსიტეტის ყოფილი სტუდენტები დააკავა სისხლის სამართლის წესით.
მსახიობები, თეატრი და პროტესტი
პროდასავლურ აქციებში აქტიურად მონაწილეობს მსახიობთა ერთი ნაწილი. თებერვალში ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის თეატრი ათამდე მსახიობმა დატოვა, მას შემდეგ, რაც თეატრის ფასადიდან ანდრო ჭიჭინაძის მხარდამჭერი ბანერი ჩამოხსნეს. მსახიობების ცნობით - პროსახელისუფლებო ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ ახალი მუსიკალური პროექტის გადაღებებისთვის. ჭიჭინაძის კოლეგებმა და მეგობრებმა, მათ შორის მათ, ვინც თეატრი დატოვეს, ბანერი თავიდან აღმართეს და გადმოჰკიდეს ისე, რომ ფასადზე „რუსთავი 2-ის“ პროექტის ორი სარეკლამო ბანერის გვერდით აღმოჩნდა. მასზე დიდი ასოებით ეწერა: „თავისუფლება სინდისის პატიმრებს“.
მანამდე მსახიობები ანდრო ჭიჭინაძისა და აქციებზე დაკავებული სხვა დემონსტრანტების სოლიდარობისთვის პერფორმანსებს მართავდნენ რეგიონებშიც.
2025 წლის აპრილში „ვასო აბაშიძის სახელობის სახელმწიფო პროფესიული ახალი თეატრის“ ხელმძღვანელის პოსტიდან გაათავისუფლეს რეჟისორი დავით დოიაშვილი - სწორედ მისი ინიციატივით იმართებოდა საპროტესტო მანიფესტები.
სცენიდან მოხსნილი სპექტაკლი
თებერვალში ბათუმის დრამატულმა თეატრმა გააუქმა რეჟისორ გეგა გაგნიძის სპექტაკლი (DARK WEB). რეჟისორის თანახმად, მისი სპექტაკლის გაუქმებამდე ერთი დღით ადრე, თეატრის ხელმძღვანელმა „შემომითვალა, რომ თურმე „მაღლა“ ზარი იყო შესული და თუ სპექტაკლში პოლიტიკური ნარატივი დარჩებოდა, პრემიერა ვერ შედგებოდა“.
DARK WEB-ის პრემიერამდე ორი დღით ადრე, 5 თებერვალს, ბათუმის დრამატულმა თეატრმა განცხადება გაავრცელა. მასში ეწერა, რომ „კატეგორიულად ემიჯნება“ იმას, რასაც „თეატრის სივრცის პოლიტიზირებას“ უწოდებს.
ფორუმი