ირანში დარტყმის ერთ-ერთი სამიზნე იყო ისპაანის პროვინცია. სოციალური ქსელებით გავრცელდა ძლიერი აფეთქებების ამსახველი ვიდეოები. ერთ-ერთი ასეთი ვიდეო კომენტარის გარეშე სოციალურ ქსელ Truth Social-ში თავის გვერდზეც გამოაქვეყნა აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა.
ისპაანის პროვინციის ხელისუფლების თანახმად, აშშ-ისა და ისრაელის გამანადგურებლებმა სამხედრო ობიექტებს დაარტყეს. დამატებითი დეტალები არ უთქვამთ.
გამოცემა The Wall Street Journal-ის წყაროს თანახმად, ამერიკელმა სამხედროებმა ბუნკერების გასანადგურებელი ბომბებით ისპაანში დაარტყეს საბრძოლო მასალების საცავს.
31 მარტს თეირანში სამხედრო სამიზნეებზე მორიგი დარტყმის შესახებ განაცხადა ისრაელის თავდაცვის არმიამ. ირანის „წითელი ნახევარმთვარის“ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს დანგრეული შენობა, რომელიც ორგანიზაციის თანახმად, საცხოვრებელ რაიონში მდებარეობს.
ირანული სააგენტო Mehr News-ის ცნობით, სარაკეტო შეტევის შედეგად 11 ადამიანი, მათ შორის სამი ბავშვი დაიღუპა თეირანიდან სამხრეთში მდებარე ქალაქ მაჰალატში. სახელმწიფო სააგენტო IRNA-ს ინფორმაციით, 3 ადამიანი დაიღუპა და 12 დაიჭრა ქალაქ ზენჯანის მეჩეთის ადმინისტრაციულ შენობაზე დარტყმის შედეგად.
31 მარტს ირანის შეიარაღებულმა ძალებმა მორიგი სარაკეტო შეტევა მიიტანეს ისრაელზე. სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ცნობით, ისრაელის ცენტრალურ ნაწილში რვა ადამიანი დაიჭრა.
- 2026 წლის 28 თებერვალს ისრაელმა და შეერთებულმა შტატებმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს მასშტაბური სამხედრო-საჰაერო ოპერაცია. მას წინ უძღოდა აშშ-ისა და ისლამური რესპუბლიკის უშედეგო მოლაპარაკებები ირანის ბირთვულ პროგრამაზე. ვაშინგტონი მოითხოვდა პროგრამის დახურვას, რათა არ დაეშვა თეირანის მიერ ბირთვული იარაღის შექმნა, ირანი კი ირწმუნებოდა, რომ პროგრამას მხოლოდ მშვიდობიანი მიზნები აქვს.
- აშშ-ისრაელის სამხედრო ოპერაციის პასუხად ირანის ძალებმა შეტევა დაიწყეს ისრაელზე და სპარსეთის ყურის ქვეყნებში ამერიკულ სამხედრო ბაზებსა და ნავთობის მომპოვებელ და გადამამუშავებელ ობიექტებზე. თეირანმა ფაქტობრივად, ჩაკეტა ნავთობის, გაზისა და სხვა პროდუქტების ტრანსპორტირებისთვის მნიშვნელოვანი ჰორმუზის სრუტე, რამაც მსოფლიო ბაზარზე მიწოდების პრობლემა და საწვავის გაძვირება გამოიწვია.
ფორუმი