„მსგავსი ჩარევა სხვა ადგილობრივი ეკლესიის მხრიდან ჩვენთვის წარმოუდგენელია, მიგვაჩნია ეს სრულიად შეუძლებლად. უცნობია ასეთი ინფორმაციის საფუძველი“, - მისწერა რადიო თავისუფლებას დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
რადიო თავისუფლება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსაც დაუკავშირდა კითხვებით:
- რამდენად სერიოზულად/საფუძვლიანად მიაჩნიათ აღნიშნული ცნობა?
- რა ინტერესს ხედავენ მსგავსი ცნობის საჯაროდ გამოქვეყნებაში აღნიშნული სამსახურის მიერ?
სუსის პრესცენტრში გვიპასუხეს, რომ აღნიშნულ თემაზე კომენტარის გაკეთება სწორად არ მიაჩნიათ.
რადიო თავისუფლება ასევე დაუკავშირდა მსოფლიო საპატრიარქოს პრესცენტრს ამ საკითხზე, საპასუხო კომენტარის მიღების თხოვნით. პასუხის მიღების შემთხვევაში ინფორმაცია განახლდება.
რას ამბობს СВР-ი?
31 მარტს რუსეთის საგარეო დაზვერვის პრესბიურომ საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც უწყებაში „შესულ ინფორმაციაზე დაყრდნობით“ წერს, რომ „ბართლომეოსი განაგრძობს მსოფლიო მართლმადიდებლობის დაყოფის მზაკვრული პოლიტიკის გატარებას“.
СВР-ი მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს უწოდებს „ფანარიოტს“ და წერს, რომ მას „სურს გამოთავისუფლებულ პოსტზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურად დააწინაუროს ის, ვისაც დაეყრდნობა“.
ანალიტიკოსების ნაწილი რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურის ამ განცხადებაში ხედავს ჩარევის მცდელობას.
СВР-ი, - რომელიც ინფორმაციის კონკრეტულ წყაროს არ ასახელებს, - ამბობს, რომ ბართლომეოსი ამ როლში კანდიდატებად განიხილავს ორ მღვდელმთავარი:
- დასავლეთ ევროპის მიტროპოლიტ აბრაამს (გარმელიას);
- ფოთისა და ხობის მიტროპოლიტ გრიგოლს (ბერბიჭაშვილს).
მიტროპოლიტი აბრაამი 77 წლისაა - შესაბამისად, იგი ვერ აკმაყოფილებს საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების (1995 წლის დოკუმენტის) მიხედვით განსაზღვრულ ასაკობრივ ცენზს საპატრიარქო კანდიდატებისათვის.
ამ დებულების მიხედვით, ახალი პატრიარქი 40-დან 70 წლამდე მღვდელმთავარი შეიძლება გახდეს.
ამჟამად 69 წლისაა მიტროპოლიტი გრიგოლ ბერბიჭაშვილიც - 70 წელი მას 2026 წლის 18 ივლისს უსრულდება.
- სინოდის ის კრება, სადაც ახალი პატრიარქი უნდა გამოარჩიონ, ჯერ არ დანიშნულა.
- ეს კრება, სავარაუდოდ, 26 აპრილიდან 15 მაისამდე პერიოდში დაინიშნება, - კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღეში, არაუგვიანეს 60 დღისა.
ჯერჯერობით ოფიციალურად კანდიდატები არ დასახელებულან.
პატრიარქობის სავარაუდო კანდიდატია მიტროპოლიტი შიო მუჯირი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე.
ახალი პატრიარქი სამი კანდიდატურიდან ირჩევა. გამარჯვებისთვის საჭიროა მინიმუმ 20 ხმა.
ფორუმი