Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის რეგიონებზე დრონებით შეტევა იყო, ხელისუფლების ცნობით, არის მსხვერპლი

უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო საფრენი აპარატი(საილუსტრაციო ფოტო)
უკრაინის თავდაცვის ძალების უპილოტო საფრენი აპარატი(საილუსტრაციო ფოტო)

გასული ღამის განმავლობაში აფეთქებები იყო რუსეთის რამდენიმე რეგიონში, მათ შორის ვლადიმირის, ვორონეჟის და ლენინგრადის ოლქებში. ხელისუფლებამ განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა უკრაინული უპილოტო საფრენი აპარატებით შეტევას იგერიებდა. შეტევის ერთ-ერთი სამიზნე სავარაუდოდ, ისევ უსტ-ლუგის პორტი იყო.

7 აპრილს დილით ვლადიმირის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ ავდეევის ტელეგრამ-არხზე გამოქვეყნდა ცნობა, რომ ალექსანდროვის რაიონში დრონი მოხვდა სახლს, სადაც დაიღუპა სამი ადამიანი - შვიდი წლის ბიჭი და მისი მშობლები.

მოგვიანებით ავდეევმა დააზუსტა, რომ დაღუპული ბიჭი 2014 წელს იყო დაბადებული.

ვორონეჟის ოლქის გუბერნატორ ალექსანდრ გუსევის თანახმად, დრონებით შეტევის შედეგად დაზიანებულია 4 კერძო სახლი, „საწარმოს ტექნოლოგიური ნაგებობა“, მის საწყობში კი ხანძარი გაჩნდა. გუსევმა არ დაასახელა კონკრეტული საწარმო, სადაც მისი ინფორმაციით, „საწარმოო პროცესი შეჩერებულია“. გუბერნატორის ცნობით, დაშავდა ერთი ადამიანი.

რუსეთის ხელისუფლების მიერ „უცხოეთის აგენტად“ გამოცხადებული გამოცემა ASTRA წერს, რომ ვორონეჟის ოლქში შეტევა იყო რეგიონის ერთ-ერთ უმსხვილეს ქიმიურ საწარმოზე, მინერალური სასუქების ქარხანაზე, რომელსაც ჰოლდინგი „როსხიმი“ მართავს.

ქარხანა სხვა პროდუქციასთან ერთად წელიწადში აწარმოებს 550 ათას ტონაზე მეტ ამიაკის სელიტრას, რომლის გამოყენება შესაძლებელია ასაფეთქებელი ნივთიერებების წარმოებისთვისაც.

უკრაინული დრონებით მორიგი შეტევის შესახებ განაცხადა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ. მას კონკრეტული რაიონები, ან შეტევის სამიზნეები არ დაუსახელებია და ტელეგრამზე მხოლოდ ის დაწერა, რომ 22 უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდეს.

დრონების რაოდენობის შესახებ განსხვავებულ მონაცემებს შეიცავს რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ 7 აპრილს დილით გავრცელებული ინფორმაცია, რომლის თანახმად, ღამის განმავლობაში „გზად დაიჭირეს და გაანადგურეს“ 45 უკრაინული საფრენი აპარატი, მათ შორის ლენინგრადის ოლქში - 19, ვორონეჟის ოლქში - 11 და ვლადიმირის ოლქში - 3. ვორონეჟის ოლქის გუბერნატორი ალექსანდრ გუსევი აცხადებდა, რომ რეგიონში 16 დრონი გაანადგურეს.

ASTRA-ს ინფორმაციით, ლენინგრადის ოლქში შეტევის სამიზნე ისევ უსტ-ლუგის პორტი იყო. უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბალტიის ზღვაზე მდებარე ამ პორტს 2026 წლის მარტიდან რამდენჯერმე შეუტიეს.


ფორუმი

XS
SM
MD
LG