მოსკოვიდან ჟურნალისტები 9 აპრილს იუწყებიან, რომ ჩხრეკა ჩატარდა გამოცემა "ნოვაია გაზეტას" რედაქციაში.
"დაახლოებით 12 საათზე რედაქციაში მოვიდნენ სპეცსამსახურების ნიღბიანი თანამშრომლები და დაიწყეს საგამოძიებო მოქმედებების გატარება", - ნათქვამია განცხადებაში.
იუწყებოდნენ, რომ ჩხრეკის მიზეზი რედაქციის თანამშრომლებმა არ იცოდნენ, ხოლო ადვოკატებს არ უშვებდნენ რედაქციის ოფისში.
შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს საქალაქო დანაყოფის პრესსამსახურმა განაცხადა, რომ ჩხრეკა მიმდინარეობს "სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, რაც უკავშირდება მოქალაქეების პერსონალური მონაცემების უკანონო გამოყენებას, რუსების შესახებ უარყოფითი შინაარსის საინფორმაციო სტატიებისა და მასალების შედგენისას". სამართალდამცავები აღნიშნავენ, რომ სისხლის სამართლის საქმე 10 მარტს აღიძრა.
სააგენტო "ტასს" სამართალდამცველთაგან წყარომ უთხრა, რომ ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები საქმეს იძიებენ მათ შორის "ნოვაია გაზეტა ევროპასთან" და "რუსეთის ანტისაომარ კომიტეტთან" კავშირის გამო.
"ნოვაია გაზეტას" ვებსაიტი რუსეთში დაბლოკილია "როსკომნადზორის" გადაწყვეტილებით. 2022 წლის შემოდგომაზე მოსკოვის სასამართლომ გაზეთს გაუუქმა მედიასაშუალების ლიცენზია. 2023 წლის ივნისში რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ არასასურველად გამოაცხადა რუსეთში ორგანიზაცია Novaja Gazeta Europe-ის მოქმედება - იურიდიული პირის, რომელიც 2022 წელს შექმნა ინტერნეტგამოცემა "ნოვაია გაზეტა ევროპამ".
2023 წლის სექტემბერში რუსეთის იუსტიციის სამინისტრომ გამოცემის მთავარი რედაქტორი, დმიტრი მურატოვი, ე.წ. უცხოეთის აგენტების რეესტრში შეიყვანა.
"ნოვაია გაზეტა" 1993 წლიდან გამოდიოდა, მისი რედაქცია ხშირად იღებდა რუსულ და საერთაშორისო პრემიებს საგამოძიებო ჟურნალისტიკისთვის და უფლებადაცვითი მუშაობისთვის. გამოცემის თანამშრომლებს შორის იყო ანა პოლიტკოვსკაია - რომელიც იძიებდა ჩეჩნეთში ადამიანის უფლებების დარღვევებს და მწვავედ აკრიტიკებდა პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ხელისუფლებას. პოლიტკოვსკაია ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს მოსკოვში, თავის სახლში, 2006 წლის 7 ოქტომბერს - პუტინის დაბადების დღეს.
"ნოვაია გაზეტას" მთავარ რედაქტორს, დმიტრი მურატოვს, 2021 წელს მშვიდობის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა, გამოხატვის თავისუფლების დასაცავად გატარებული ძალისხმევისთვის.
ფორუმი