ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილი წერილი 9 აპრილს გამოაქვეყნა ლიეტუველმა დეპუტატმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.
მიმართვის საფუძველია ევროპარლამენტარების შეშფოთება, რომელიც უკავშირდება ცნობებს უნგრეთის მთავრობიდან რუსეთში კონფიდენციალური ინფორმაციის გაჟონვის შესახებ.
დეპუტატები მიიჩნევენ, რომ მსგავსი რისკი ევროპარლამენტშიც არსებობს.
ევროპარლამენტის წევრთა ჯგუფი აცხადებს, რომ რისკების აღკვეთის საკითხი არაერთხელ დაისვა, მაგრამ არანაირი არსებითი ცვლილება არ მომხდარა და პრორუსულად განწყობილ დეპუტატებს ისევ აქვთ შესაძლებლობა, დაესწრონ დახურულ სხდომებს და თანამშრომლები დაიქირაონ შესაბამისი შემოწმების გარეშე.
დეპუტატები, რომლებმაც ევროპარლამენტის პრეზიდენტს მიმართეს, მიიჩნევენ, რომ მსგავსი ვითარება ქმნის შესაძლებლობას, რუსეთს გადაეცეს კონფიდენციალური ინფორმაცია, კერძოდ, უკრაინის სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის დეტალები.
ევროპარლამენტის პრეზიდენტისთვის გაგზავნილ წერილს ხელს აწერს ათი დეპუტატი, რომელთა შორის არიან ევროპის სახალხო პარტიის, სოციალისტების ჯგუფის, ლიბერალების, მემარცხენეების და „მწვანეების“ წარმომადგენლები.
ფორუმი