Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"სააღდგომო ზავის" მიუხედავად რუსეთმა იერიში მიიტანა სასწრაფო დახმარების ავტომობილზე

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის ძალაში შევიდა „სააღდგომო ზავი“, ორივე მხარე აცხადებს, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ირღვევა.

სუმის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ოლეგ გრიგოროვმა განაცხადა, რომ 12 აპრილს გამთენიისას რუსეთის დრონმა დაარტყა სასწრაფო დახმარების ავტომობილს გლუხოვის თემში, რის შედეგადაც დაშავდა სამი მედიკოსი.

დონეცკისა და ხერსონის ოლქების ადგილობრივმა ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ 11 აპრილს (ზავი გუშინ 16:00 საათზე ამოქმედდა) რუსეთის იერიშების შედეგად ორივე რეგიონში ჯამში სამი ადამიანი დაიღუპა და 28 დაშავდა.

11 აპრილის საღამოს, დნეპროპეტროვსკის ოლქის სინელნიკოვოს რაიონში, უპილოტო აპარატის იერიშის შედეგად მძიმედ დაიჭრა ადგილობრივი მცხოვრები.

თავის მხრივ, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ ბორისოვოს რაიონში ორი ადამიანი დაიჭრა უკრაინული დრონის იერიშის შედეგად. დრონების თავდასხმების შესახებ ცნობები გავრცელდა ასევე კურსკის ოლქიდან. რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ უკრაინა ზავის რეჟიმის მრავალჯერ დარღვევაში დაადანაშაულა. ამ მონაცემების სანდოობის დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება შეუძლებელია.

უკრაინული ტელეგრამ-არხი, წყაროების დასახელების გარეშე აცხადებს, რომ ზავი „ფრონტის უმეტეს მონაკვეთებზე რეალურად მოქმედებს“.

„სადაზვერვო დრონები დაფრინავენ ორივე მხარეს. და ორივე მხარე ცდილობს მათ ჩამოგდებას“, — წერს არხი. დაახლოებით იმავეს იუწყებიან პრორუსული არხებიც.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სააღდგომო ზავი გამოაცხადა 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საპასუხოდ აღნიშნა, რომ უკრაინა არაერთხელ გამოვიდა ცეცხლის შეწყვეტის წინადადებით — „და იმოქმედებს შესაბამისად“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG