უკრაინულმა ანალიტიკურმა პორტალმა DeepState-მა, რომელიც ფრონტზე ვითარებას აკვირდება რეალურ დროში, განაცხადა, რომ რუსეთის სამხედროები უკრაინის შეიარაღებული ძალების პოზიციებზე შევიდნენ ხარკოვის ოლქის დასახლებულ პუნქტ ვეტერინარნოეს მახლობლად და ტყვედ აიყვანეს უკრაინის არმიის ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის ოთხი მებრძოლი.
პორტალის თანახმად, ამის შემდეგ რუსეთის სამხედროებმა ეს უკრანელი ტყვეები დახვრიტეს.
როგორც BBC იტყობინება, DeepState-მა ტელეგრამში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელიც სავარაუდოდ ადასტურებს მკვლელობის ფაქტს.
„მტერმა მორიგ ჯერზე დაარღვია ომის წარმოების წესები და ჩვევები - ხარკოვის ოლქში, ვეტერინარნოესთან, დახვრეტილია 4 უკრაინელი სამხედრო ტყვე,“ ნათქვამია DeepState-ის ცნობაში.
რუსეთის შეიარაღებულ ძალებს ამ ცნობაზე კომენტარი არ გაუკეთებია. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო არც წარსულში გამოხმაურებია რუსეთის სამხედროების მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს სამხედრო დანაშაულში ან ჟენევის კონვენციების დარღვევაში.
ფორუმი