ამასთან, თუკი რუსეთის თავდაცვის სამინისტროსა და უკრაინის საჰაერო ძალების ტრადიციულ დილის შეტყობინებებში, მაგალითად, დრონებით შეტევის ათვლა იწყება წინა საღამოდან, 13 აპრილს ორივე მხარემ ღამის 12 საათის შემდეგ განხორციელებულ თავდასხმებზე მიუთითა. ოფიციალური მონაცემებით, წინა დღეებთან შედარებით გამოყენებული უპილოტო საფრენი აპარატების რაოდენობაც არა ასეულობით, არამედ ათეულობით იყო.
უკრაინის საჰაერო ძალების თანახმად, 13 აპრილის 00:10 საათიდან რუსეთის ჯარებმა უკრაინას შეუტიეს 98 უპილოტო საფრენი აპარატით. ადგილობრივი დროით დილის რვა საათისთვის დადასტურებული იყო 87 რუსული დრონის მოგერიება და ცხრით პირდაპირი დარტყმა ცხრა ადგილზე.
უკრაინის საოლქო ადმინისტრაციების მიერ 13 აპრილს დილით გავრცელებული ცნობებით, ჩერნიგოვის რეგიონში რუსული დრონებით შეტევა იყო ენერგოობიექტზე, რომელსაც ხანძარი გაუჩნდა. რაიონების ნაწილი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. უკრაინის ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ენერგოობიექტებზე შეტევის შედეგად ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა ზაპოროჟიეს ოლქის ნაწილსაც. ქალაქ დნეპრში ინფრასტრუქტურის დაზიანებისა და ერთი ადამიანის დაჭრის შესახებ განაცხადა დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციამ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ღამის თორმეტიდან დილის შვიდ საათამდე 33 უკრაინული დრონი მოიგერიეს. ეს უწყება, როგორც წესი, არ ასახელებს მოუგერიებელი დრონების რაოდენობას.
რუსეთის ბელგოროდის ოლქის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ უკრაინის ჯარების შეტევის შედეგად ოთხი ადამიანი დაიჭრა.
13 აპრილს დილით უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის მოქმედების პერიოდში რუსეთმა ეს რეჟიმი 10 721-ჯერ დაარღვია. იგულისხმება სხვადასხვა სახეობის იარაღით შეტევა.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ 13 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინის ჯარებმა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი 6 558-ჯერ დაარღვიეს.
მხარეთა მიერ გავრცელებული ამ მონაცემების დამოუკიდებელი წყაროებით გადამოწმება ვერ ხერხდება.
- კრემლმა 9 აპრილს ღამით გამოაცხადა, რომ პრეზიდენტ პუტინის გადაწყვეტილებით, აღდგომის დღესასწაულის მოახლოების გამო ზავი გამოცხადდება მოსკოვის დროით 11 აპრილის 16:00 საათიდან 12 აპრილის დღის ბოლომდე.
- უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკის პასუხი იყო, რომ უკრაინას არაერთხელ განუცხადებია მზადყოფნა „სარკისებური ნაბიჯებისთვის”, აღდგომის დღესასწაულის დროს ცეცხლის შეწყვეტაც კიევის შეთავაზება იყო და „შესაბამისად იმოქმედებენ“.
ფორუმი