Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში ჩამოდის ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი

ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი
ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი

საქართველოს ეწვევა ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი, ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

"საქართველოში მივემართები, რათა მთავრობასთან, ხელისუფლებასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან განვიხილო ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული წუხილები", - წერს ო’ფლაერტი პლატფორმა X-ზე.

როგორც რადიო თავისუფლებას აცნობეს ევროსაბჭოსს ადამიანის უფლებათა კომისრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში, ვიზიტი 14-15 აპრილს გაიმართება და ფოკუსირებული იქნება ადამიანის უფლებათა დამცველების, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ჟურნალისტების მდგომარეობაზე, "მშვიდობიანი შეკრების უფლებასა და სამართალდამცავი ორგანოების პასუხისმგებლობაზე მომიტინგეების მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო".

ო’ფლაერტი ვიზიტის ფარგლებში შეხვდება საქართველოს სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანსაც.


ადამიანის უფლებების შემზღუდავი საკანონმდებლო ცვლილებები

თებერვლის დასაწყისში კომისარი მაიკლ ო’ფლაერტი "გრანტების შესახებ" და სხვა რამდენიმე კანონში "ქართული ოცნების" მიერ ინიციირებულ ცვლილებებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ცვლილებები საფრთხეს შეუქმნის სამოქალაქო საზოგადოების ლეგიტიმურ საქმიანობას.

4 მარტს სადავო პარლამენტმა, რომლის უმრავლესობაშიც პარტია „ქართული ოცნებაა“, მესამე ანუ საბოლოო მოსმენით მიიღო კანონები, რომლებითაც კიდევ უფრო მეტად გამკაცრდა "გრანტების შესახებ" კანონი და სისხლის სამართლის წესით დასჯადი გახდა ხელისუფლების არაღიარება.

  • სხვადასხვა დანაშაულისთვის გათვალისწინებულია ჯარიმაც, საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა 300-დან 500 საათამდე ანდა პატიმრობა 6-დან 9 წლამდე.
  • გრანტების მიღებას სჭირდება საქართველოს მთავრობის ან უფლებამოსილი პირის თანხმობა.
  • 2024-25 წლებში მიიღეს რიგი შემზღუდავი კანონები, მათ შორის, აქციებზე სახის დაფარვის აკრძალვა, დამატებითი შეზღუდვები შეკრების უფლებაზე, მათ შორის, ტროტუარზე პროტესტთან დაკავშირებით.
  • ცვლილებები მაუწყებლობის კანონში „უცხოური დაფინანსებისა და მაუწყებლობის შინაარსზე შეზღუდვების რეგულირების“ საკითხის შესახებ და ა.შ.
  • ეუთომ „მოსკოვის მექანიზმის“ ფარგლებში მომზადებულ ანგარიშში ასევე გასცა ქართული FARA-ს გაუქმების რეკომენდაციაც.
  • ანგარიშის თანახმად, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“, ქართული FARA-სა და უცხოურ გრანტებთან დაკავშირებული კანონები „უნდა გაუქმდეს ან, სულ მცირე, შეიცვალოს ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG