Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელონიმ ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება შეაჩერა

ღაზაში ზავის პირველი ფაზის ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ. ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი; იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი მათ შორის, უკანა პლანზე.  2025 წლის 13 ოქტომბერი. ეგვიპტე, შარმ ელ-შეიხი (არქივი)
ღაზაში ზავის პირველი ფაზის ოფიციალური ხელმოწერის შემდეგ. ეგვიპტის პრეზიდენტი აბდელ ფატაჰ ელ-სისი (მარჯვნივ) და აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი; იტალიის პრემიერი ჯორჯია მელონი მათ შორის, უკანა პლანზე. 2025 წლის 13 ოქტომბერი. ეგვიპტე, შარმ ელ-შეიხი (არქივი)

იტალიის პრემიერმინისტრმა, ჯორჯია მელონიმ 14 აპრილს განაცხადა, რომ მისმა მთავრობამ შეაჩერა ისრაელთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება.

მელონის მემარჯვენე მთავრობა ისრაელის ერთ-ერთი უახლოესი მეგობარი იყო ევროპაში, თუმცა ბოლო კვირების განმავლობაში მან გააკრიტიკა ლიბანზე ისრაელის არმიის თავდასხმები, რომლებმაც ასობით ადამიანი იმსხვერპლა და ათასობით ადამიანი დაშავდა.

ისრაელმა ასევე გასულ კვირას გამაფრთხილებელი ცეცხლი გაუხსნა ლიბანში გაეროს მანდატით მომსახურე იტალიელ ჯარისკაცებს, რის შედეგადაც მანქანა დაზიანდა.

„როდესაც არის რაღაცები, რასაც არ ვეთანხმებით, ჩვენ შესაბამისად ვმოქმედებთ“, - განუცხადა მელონიმ ჟურნალისტებს ჩრდილოეთ იტალიაში, ვერონაში გამართული ღვინის ბაზრობის კულუარებში.

„არსებული ვითარების გათვალისწინებით, მთავრობამ გადაწყვიტა, შეაჩეროს ისრაელთან თავდაცვის შეთანხმების ავტომატური განახლება“, - დასძინა მან.

მელონის განცხადება მისი მემარჯვენე მთავრობის კიდევ ერთ დიპლომატიურ გადაჯგუფებას ნიშნავს, რომელიც ერთი დღის შემდეგ მოხდა მას მერე, რაც მან კიდევ ერთი ახლო მოკავშირე, აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი გააკრიტიკა რომის პაპ ლეონ XIV-ზე თავდასხმების გამო.

საკითხში გარკვეულმა წყარომ, რომელმაც ვინაობის გამხელა არ ისურვა, განაცხადა, რომ მელონიმ გადაწყვეტილება ორშაბათს მიიღო საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრებთან, ანტონიო ტაიანისთან და გუიდო კროსეტოსთან, ასევე ვიცე-პრემიერ მატეო სალვინისთან ერთად.

ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს ამისთვის დიდი მნიშვნელობა არ მიუნიჭებია.

„ჩვენ იტალიასთან უსაფრთხოების შესახებ შეთანხმება არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს მრავალი წლის წინანდელი ურთიერთგაგების მემორანდუმი, რომელიც არასდროს შეიცავდა რაიმე არსებითს. ეს გავლენას არ მოახდენს ისრაელის უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია განცხადებაში.

მელონი ხელისუფლებაშია 2022 წლიდან და 2027 წლის ბოლოს მას საყოველთაო არჩევნები ელის.

იტალიის ოპოზიციური პარტიები დიდი ხანია მოითხოვენ ისრაელთან დადებული შეთანხმების შეჩერებას.

მემორანდუმი, რომელიც 2003 წელს მაშინდელი პრემიერ-მინისტრის, სილვიო ბერლუსკონის მთავრობის მიერ იქნა ხელმოწერილი, ძალაში 2006 წელს შევიდა და ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ ავტომატურად განახლდებოდა, თუ რომელიმე მხარე არ გავიდოდა შეთანხმებიდან.

ის მოიცავს ისეთ სფეროებს, როგორიცაა შესყიდვები, წვრთნები და „თავდაცვისა და სამხედრო აღჭურვილობის იმპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი“. დიპლომატიური დაძაბულობის გამწვავების გამო, გასულ კვირას რომმა ისრაელის ელჩი დაიბარა, რათა პროტესტი გამოეხატა ლიბანში იტალიელი ჯარისკაცების მონაწილეობით მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით. შემდეგ, ორშაბათს, პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობამ იტალიის ელჩი დაიბარა „ლიბანში არსებული ვითარების განსახილველად“.


ფორუმი

XS
SM
MD
LG