Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ქართული ოცნების“ ლიდერებმა უპასუხეს ზახაროვას ნათქვამს საქართველოს „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში შესაძლო შეყვანაზე

"კოლექტიური ნაცმოძრაობა“ იმავე ხაზით მუშაობს - განაცხადეს პარტიაში.
"კოლექტიური ნაცმოძრაობა“ იმავე ხაზით მუშაობს - განაცხადეს პარტიაში.

„ქართული ოცნების“ ლიდერები გამოეხმაურნენ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლის, მარია ზახაროვას ნათქვამს, რომ რუსეთი „იძულებული იქნება“ საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ იგი ევროკავშირში გაწევრიანდება.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მარია ზახაროვას აღნიშნულ განცხადებასა და პროდასავლური ოპოზიციური პარტიების პოლიტიკას „ერთნაირად“ აფასებენ.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს ქართველი ხალხის ინტერესებით და არ უყურებს იმას, ვინ რას ამბობს და ვინ როგორ აფასებს“, - განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, შალვა პაპუაშვილმა შაბათს, 18 აპრილს.

„ჩვენი ხალხის ინტერესებით“

„რაც შეეხება ვაჭრობას, არ ვიცი, როგორც ვხვდები, რუსეთი ძალიან კარგად ვაჭრობს ევროკავშირთან, რუსეთს ამის სურვილი აქვს“, - თქვა პაპუაშვილმა.

„ნახსენები იყო ალკოჰოლური სასმელები, ღვინო და ა.შ. შეგახსენებთ, თუკი ვინმესთან არის რუსეთი არამეგობრულ ურთიერთობაში, ეს ბალტიის ქვეყნებია და შეგახსენებთ,რომ ლიეტუვა იყო ლიდერი, საქართველოს უსწრებდა ღვინის ექსპორტით და შესაბამისად, რუსეთში იმპორტით“, - განაცხადა მან.

პაპუაშვილის თქმით, საქართველოს ხელისუფლება მოქმედებს „ჩვენი ხალხის ინტერესებით და ის, რაც იქნება კარგი ჩვენი ხალხისთვის, ზუსტად ისე იქნება“.

წინა დღეს, 17 აპრილს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომ „საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი“. ეს არის თბილისის პოზიცია ევროკავშირის მიერ პოლიტიკური დიალოგის შეჩერებისა და შექმნილი ვითარების მიუხედავად.

ოპოზიცია „იგივე ხაზით მუშაობს“

„ცოტა შორეულ მომავალში, 2030-სთვის ჩვენ მზად ვიქნებით, მაგრამ რა სიტუაცია იქნება მსოფლიოში, რუსეთში, საქართველოში, ამას წინასწარ ვერ დაგეგმავს ვერც მარია ზახაროვა, ვერც ნებისმიერი შორსმჭვრეტელი ადამიანი“, - თქვა ვოლსკიმ.

„იმაზე დიდი დაპირისპირება, რაც ორ ქვეყანას შორის არსებობს და გამოწვეულია ოკუპაციით, არ არსებობს. არ ვისურვებდი, რომ რუსეთთან დაპირისპირება გაგრძელდეს ოდესმე, მაგრამ არც საქართველოს ინტერესები არასდროს არ უნდა იქნეს დარღვეული და დავიწყებული“, - თქვა მან.

ვოლსკიმ თქვა, რომ ზახაროვას მსგავსი „ხაზით მუშაობს“ ოპოზიცია საქართველოში:

„კოლექტიური „ნაცმოძრაობა“ იგივე ხაზით მუშაობს, რომ როგორმე ჩვენსა და ევროკავშირს შორის გაჩნდეს გარკვეული დაპირისპირება, რომელიც უნდა გადაიზარდოს რევოლუციაში“, - თქვა მან 17 აპრილს.

პარტიის კიდევ ერთმა დეპუტატმა, ალუდა ღუდუშაურმა ჟურნალისტებს უთხრა: „ვერასდროს ვერანაირი ზახაროვას და ვერანაირი სხვა მხარის წარმომადგენლის განცხადება, რომელსაც აქვს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები ოკუპირებული, ვერ იქნება დასრულებული და ვერ იქნება სისრულეში მოყვანილი“.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ ვმოქმედებთ პრაგმატულად. ხშირ შემთხვევაში როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გარედან დაკვეთით უსამშობლო სუბიექტები მოქმედებენ, ვერანაირ სხვაობას ვერ ვხედავ ზახაროვასა და იმ პირებს შორის, ვისთვისაც ქვეყანა სულერთია“, - თქვა ღუდუშაურმა.

ზახაროვას განცხადება

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ 16 აპრილს კითხვაზე პასუხად განაცხადა, რომ თუკი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთი „იძულებული იქნება“, საქართველო შეიყვანოს „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში.

მარია ზახაროვას განცხადებითვე, ამას უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქართველ მწარმოებლებზე, რომლებიც პროდუქციას რუსეთში ჰყიდიან.

„არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ მოგვიწევდა საქართველოს არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში შეყვანა და ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომები მასზე გავრცელება“, - განაცხადა ზახაროვამ.

მარია ზახაროვას თქმითვე, საქართველოს ამ სიაში დამატებას ავტომატურად მოჰყვებოდა რუსეთის მიერ მინერალური წყლის, ხილის, ღვინისა და საქართველოდან რუსეთში შეტანილი სხვა ყველანაირი პროდუქტის მწარმოებლებისადმი „შესაბამისი ეკონომიკური ზომების გავრცელება“.

  • რუსეთის მთავრობამ 2022 წელს შეადგინა რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვენების“ სია;
  • სიაში არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უკრაინა, ისლანდია, კანადა და სხვა მოკავშირეები;
  • სიაში არ მოხვედრილა საქართველო; ასევე, სომხეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთი ქვეყანა, - უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების გარდა.

ფორუმი

XS
SM
MD
LG