Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზახაროვა: რუსეთი „იძულებული იქნება“ საქართველო არამეგობრული ქვეყნების სიაში შეიყვანოს, თუ ის ევროკავშირში გაწევრიანდება

„კიდევ რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, რომ თბილისთან დაკავშირებით თავისი ნამდვილი მოტივები და განზრახვები ნათელი გახადოს?!“ - მარია ზახაროვა.
„კიდევ რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, რომ თბილისთან დაკავშირებით თავისი ნამდვილი მოტივები და განზრახვები ნათელი გახადოს?!“ - მარია ზახაროვა.

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ თუკი საქართველო ევროკავშირში გაწევრიანდება, რუსეთი „იძულებული იქნება“, საქართველო შეიყვანოს „არამეგობრული ქვეყნების“ სიაში.

მარია ზახაროვას განცხადებითვე, ამას უარყოფითი ზეგავლენა ექნება ქართველ მწარმოებლებზე, რომლებიც პროდუქციას რუსეთში ჰყიდიან.

„არ ვამბობ, რომ ამის გაკეთება გვსურს, მაგრამ ევროკავშირის ახალი მოთხოვნების გათვალისწინებით, ჩვენ მოგვიწევდა საქართველოს არამეგობრული რეჟიმების მქონე ქვეყნების სიაში შეყვანა და ჩვენი საპასუხო ეკონომიკური ზომები მასზე გავრცელება“, - განაცხადა ზახაროვამ ხუთშაბათს, 16 აპრილს გამართულ ბრიფინგზე.

  • რუსეთის მთავრობამ 2022 წელს შეადგინა რუსეთის მიმართ „არამეგობრული ქვენების“ სია;
  • სიაში არიან აშშ, დიდი ბრიტანეთი, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, უკრაინა, ისლანდია, კანადა და სხვა მოკავშირეები;
  • სიაში არ მოხვედრილა საქართველო; ასევე, სომხეთი და ყოფილი საბჭოთა კავშირის არცერთი ქვეყანა, - უკრაინისა და ბალტიის ქვეყნების გარდა.

მარია ზახაროვას თქმითვე, საქართველოს ამ სიაში დამატებას ავტომატურად მოჰყვებოდა რუსეთის მიერ მინერალური წყლის, ხილის, ღვინისა და საქართველოდან რუსეთში შეტანილი სხვა ყველანაირი პროდუქტის მწარმოებლებისადმი „შესაბამისი ეკონომიკური ზომების გავრცელება“.

რუსეთს „ბოლომდე არ ესმის, როგორ შეიძლება თბილისის მიისწრაფოდეს“ ევროკავშირისკენ

დღეს ამავე ბრიფინგზე მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ რუსულ მხარეს „ბოლომდე არ ესმის“, თუ როგორ შეიძლება თბილისი მიისწრაფოდეს ისეთ კავშირში გაწევრიანებისკენ, რომლის წევრებიც:

  • „აბსოლუტურად უმიზეზოდ აწესებენ სანქციებს საქართველოს წინააღმდეგ, რითაც უბიძგებენ მას ახალი ანტირუსული სამხედრო ავანტიურისადმი“,
  • რომლებიც „თითქმის ღიად უჭერენ მხარს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალების ორგანიზების მცდელობებს“ და
  • „ასევე თავს ახვევენ ქართველ ხალხს მათთვის მიუღებელ ანტიღირებულებებს და აიძულებენ მათ, მათ შორის ფინანსური და ეკონომიკური ბერკეტების მეშვეობით, უარი თქვან საკუთარ კულტურასა და იდენტობაზე“.

საქართველოს მთავრობის პოზიციაა, რომ დასავლეთის წარმომადგენლები, მათ შორის ევროკავშირიც, რომლებსაც ხშირად „გლობალური ომის პარტიას“ (მოგვიანებით „დიპ სტეიტს“) უწოდებდნენ, 2020 წლის შემდეგ ცდილობენ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას საქართველოში.

ხელისუფლება შექმნილი ვითარების მიუხედავად აცხადებს, რომ ევროკავშირში ინტეგრაცია „2030 წლისთვის მიღწევადია“ და ახლა „ბურთი ბრიუსელის მოედანზეა“.

ზახაროვამ ასევე განაცხადა, რომ „ნებისმიერი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობა შესაძლებელია მხოლოდ ეროვნული სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი ნაწილის ბრიუსელისთვის გადაცემის პირობით“.

„კიდევ რა უნდა გააკეთოს ბრიუსელმა, რომ თბილისთან დაკავშირებით თავისი ნამდვილი მოტივები და განზრახვები ნათელი გახადოს?!“ - განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

მისი განცხადებითვე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, „ბრიუსელის მხრიდან დესტრუქციული მოთხოვნების გათვალისწინებით, მძიმე დარტყმას მიაყენებდა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიას და ასევე საფრთხეს შეუქმნიდა საქართველოსა და რუსეთში მცხოვრებ ნათესავებს შორის კომუნიკაციას“.

მსგავსი რიტორიკა აქვს ოფიციალურ მოსკოვს სომხეთის მიმართაც, რომელმაც ბოლო წლებში დაიწყო საუბარი ევროინტეგრაციის სურვილზე.

  • 2024 წლის 28 ნოემბერს, - საკამათო საპარლამენტო არჩევნებიდან ერთი თვის შემდეგ, - „ქართული ოცნების“ მთავრობის მეთაურმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო დღის წესრიგში „2028 წლამდე“ არ დააყენებდა ევროკავშირში გაწევრების შესახებ მოლაპარაკების გახსნას დღის წესრიგში;
  • ამ განცხადებას მოჰყვა მასშტაბური საპროტესტო დემონსტრაციები და პროტესტის ჩახშობა, რის შემდეგაც ევროკავშირმა საქართველოსთან პოლიტიკური დიალოგი შეაჩერა, ურთიერთობები გაყინა და სამთავრობო ფინანსური დახმარებაც შეაჩერა;
  • 2026 წლის 6 მარტიდან საბოლოოდ შევიდა ძალაში ევროკომისიის 2024 წლის გადაწყვეტილება ქართული დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო მიმოსვლის შეჩერების თაობაზე.

ბოლო წლებში განვითარებული მოვლენების პარალელურად, რუსეთის ფედერაცია ხშირად აკეთებს განცხადებებს საქართველოს შესახებ.

მარია ზახაროვამ 25 მარტის ბრიფინგზე განაცხადა, რომ რუსეთი „თავს არ აარიდებს“ საქართველოსთან საგნობრივ პოლიტიკური დიალოგს, თუ ამისთვის თბილისში მზად იქნებიან.

რუსეთთან ურთიერთობაზე საუბრისას, საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ქვეყანა ტერიტორიების 20%-ის ოკუპაციის პირობებშიც კი „მშვიდობიან და პრაგმატულ ხედვას მიჰყვება“.

ფორუმი

XS
SM
MD
LG