პარალელურად, ხომალდების მფლობელთა ნაწილი გამოთქვამს იმედს, რომ თეირანი მათ სპარსეთის ყურის დატოვების საშუალებას მისცემს ირანის ომში ამჟამად დამდგარი ცეცხლის შეწყვეტის პირობებში. ამ ინფორმაციას ავრცელებს სააგენტო Reuters-ი.
ჯგუფი შედგებოდა ნედლი ნავთობის ერთი ძალიან დიდი მატარებლისგან (VLCC), ნავთობის პროდუქტებისა და ქიმიური ნივთიერებების გადამტანი რამდენიმე ხომალდისგან და გათხიერებული გაზის ერთი მატარებლისგან. ხომალდების ამ ჯგუფმა ირანის წყლებში გაიარა, კუნძულ ლარაკიდან სამხრეთით - ამას აჩვენებს საზღვაო მოძრაობაზე სამეთვალყურეო უწყების, MarineTraffic-ის მონაცემები. იუწყებიან ასევე, რომ ყურიდან ამის შემდეგ კიდევ წამოვიდა ტანკერები.
სპარსეთის ყურეში ასობით ხომალდი იყო გაჩერებული მას მერე, რაც თებერვლის ბოლოს აშშ-მა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ ომი დაიწყეს, და ამის პასუხად თეირანმა ჰორმუზის სრუტე დახურა. ყურის მასშტაბით ნავთობის და გაზის მსხვილ მიმწოდებლებს მოუწიათ წარმოების შემცირება.
ომამდე ჰორმუზის სრუტეზე მოდიოდა მსოფლიოს ნავთობის ვაჭრობის მეხუთედი.
ირანმა სრუტე გახსნა მას მერე, რაც აშშ-ის შუამავლობით ხუთშაბათს ისრაელსა და ლიბანს შორის შედგა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
ხომალდების მფლობელთა ნაწილი აცხადებს, რომ შესაძლოა შეეცადოს სპარსეთის ყურის დატოვებას მანამ, სანამ ცეცხლის შეწყვეტა ძალაშია. Reuters-ი წერს, რომ ამ მფლობელებმა თავიანთი ვინაობის ანონიმურად დატოვება ითხოვეს.
ამავე სააგენტოს ცნობით, პარასკევი საღამოდან აღირიცხა სრუტესთან ხომალდების მიახლოების და შემდეგ უკან გაბრუნების შემთხვევები - რაც მოწმობს, რომ გავლა კვლავაც შეზღუდულია.
შაბათს, დილით გავრცელებულ განცხადებაში ირანის რევოლუციის გუშაგთა კორპუსის პრესმდივანი ამბობს: "მოლაპარაკებებში ამ დრომდე მიღწეული შეთანხმებების კვალდაკვალ, ირანის ისლამური რესპუბლიკა, რომელიც კეთილსინდისიერად მოქმედებს, დათანხმდა ნავთობის ტანკერების და კომერციული ხომალდების შეზღუდული რაოდენობის მართულ გატარებას ჰორმუზის სრუტეში".
ჰორმუზის სრუტის დახურვას მოჰყვა უდიდესი დანაკარგი მიწოდების ისტორიაში - დღეში 10 მილიონ ბარელ ნავთობზე მეტი. 20 პროცენტით შემცირდა გათხიერებული გაზის გლობალური მიწოდება. ეს მონაცემები ეკუთვნის ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს.
რეგიონში ნავთობის მაწარმოებლები - საუდის არაბეთი, არაბთა გაერთიანებული საამიროები, ერაყი და ქუვეითი - აცხადებენ, რომ ნავთობის ექსპორტის სტაბილური აღდგენისთვის მათ ესაჭიროებათ სრუტეზე შეუზღუდავი გავლა და ტანკერთა სტაბილური მოძრაობა, ორივე მიმართულებით.
ფორუმი