კაჟაშვილი უვადო მოსამართლეა. მისი ქმარიც (ამირან ძაბუნიძე) უვადოდ არის განმწესებული უზენაეს სასამართლოში, და (გულიკო კაჟაშვილი) კი ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეა.
მზია ამაღლობელის ადვოკატი, კომპანია BLB-ს პარტნიორი ანა რეხვიაშვილი ამბობს, რომ მოსამართლემ ირაკლი კობახიძის პირისპირ ინტერვიუ განიხილა როგორც პოლიტიკური დებატის ნაწილი და მიიჩნია, რომ არ შეიძლება დადგეს ამ განცხადებების გამო პასუხისმგებლობა.
„ეს არის საშიში პრეცედენტი არა მხოლოდ მზია ამაღლობელის შემთხვევაში, რომელიც მოსარჩელეს წარმოადგენდა ამ საქმეში, არამდე ზოგადად მართლმსაჯულების სისტემისთვის“, - ამბობს ადვოკატი და იხსენებს, რომ პოლიტიკოსის მიმართ მსგავსი განცხადების გამო არაერთი მოქალაქის პასუხისმგებლობა დამდგარა.
პატიმრობაში მყოფი ჟურნალისტი პოლიტიკოსს ტელეეთერებით გაჟღერებული განცხადებებით ცილისწამებას, უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას, პატივისა და ღირსების შელახვის მცდელობას ედავებოდა.
ჟურნალისტმა სადავოდ გახადა საზოგადოებრივი მაუწყებლისა და პროსახელისუფლებო „იმედისა“ და „რუსთავი 2-ის" ეთერებში გაკეთებული განცხადებები.
სასამართლოში არ მივიდა ირაკლი კობახიძე, რომლის წინააღმდეგაც მოსამართლეს საქმე უნდა განეხილა. სხდომაზე არ ყოფილა არც მისი წარმომადგენელი.
„შენიშვნის სახით ვიტყვი, რომ მე ვერ ვხედავ აქ ამ მხარეს. როგორც ვიცი, არც შესაგებებელი შემოსულა მოპასუხის მხრიდან. არ ვიცი, ამას სასამართლო როგორ აღიქვამს, ეს არის მოპასუხის მხრიდან ძალაუფლების დემონსტრირება თუ სასამართლოს უპატივცემულობა? არ ვიცი, არა მგონია სასამართლოს ლეგიტიმაციას არ აღიარებდეს. ჩემთვის საინტერესო იქნება სასამართლოს მსჯელობა ამაზეც“, - თქვა მზია ამაღლობელმა.
მხარის სხდომაზე არყოფნაზე ისაუბრა მოსამართლემაც. მისი თქმით, თუკი საქმე არსებითი განხილვის ეტაპზე არ გადავა, აღარ იქნება საჭირო მსჯელობა, საბოლოო გადაწყვეტილება მოპასუხის დაუსწრებლად უნდა მიიღოს თუ არა.
სადავო განცხადებები
- „ფაქტი იყო ასეთი. თქვენ გახსოვთ, ჯერ იყო პირველი ინციდენტი, როდესაც სტიკერებს აკრავდა პოლიციელებს ეს ადამიანი.. ..მისი ეს სამართალდარღვევა არავითარი ფორმით არ იყო დაკავშირებული ჟურნალისტურ საქმიანობასთან, იქ ის მოქმედებდა, როგორც პარტიული აქტივისტი. აქედან გამომდინარე, მედიასთან ამ ფაქტის დაკავშირება არის აბსოლუტური სპეკულაცია.. ..აქ არც კი გამოხატავს სინანულს, არც ის და არც მისი თანაპარტიელები კოლექტიური "ნაცმოძრაობიდან”, - ირაკლი კობახიძე, „იმედი“, 2025 წლის 29 იანვარი.
- „როდესაც საუბარია კონკრეტულად მზია ამაღლობელზე, პასუხისმგებლობა უნდა აიღონ მისმა დონორებმა. თქვენ იცით, რომ ის არის უცხოეთიდან დაფინანსებული პირი, მისი ორგანიზაციები ფინანსდება უცხოეთიდან და არცერთი მისი დონორი არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რაც ამ ქალბატონმა განახორციელა პოლიციელის წინააღმდეგ. ყველა მისი დონორი, თითოეული თანხის ჩამდები მის ორგანიზაციებში, არის პასუხისმგებელი იმ პარტიულ-პოლიტიკურ ძალადობაზე, რომელიც განახორციელა მზია ამაღლობელმა. შესაბამისად, თუ ვინმეს უნდა რაიმეზე საუბარი, პირველ რიგში, მოინანიონ და გამოხატონ სინანული ძალადობის წახალისებისთვის“, - ირაკლი კობახიძე, საზოგადოებრივი მაუწყებელი, 2025 წლის 30 იანვარი.
- „უდიდესი ნაწილი იმ ადამიანების, ვინც დღეს არის საპატიმროში, არის მსხვერპლი. ამას ვერ ვიტყოდი, მაგალითად, მზია ამაღლობელზე, რომელიც მსხვერპლი არ არის, რომელიც კონკრეტულ დაკვეთას ასრულებდა, როდესაც შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელს, მისი დავალება იყო პოლიციის დაკნინება და პოლიციის ღირსების შეურაცხყოფა“, - ირაკლი კობახიძე, „რუსთავი 2“, 2025 წლის 16 აპრილი.
„საქმეში მოცემული სადავო განცხადებები მხოლოდ შეფასებითი რომ იყოს და ამას არ ვხედავდე, როგორც განზრახ მცდარი ფაქტის გავრცელებას, მერწმუნეთ, მორალურად და ემოციურად ეს განცხადებები რამდენად მიუღებელი, პროვოკაციული და შოკისმომგვრელი არ უნდა ყოფილიყო, არ მივანიჭებდი იმდენ მნიშვნელობას, რომ სასამართლოში მედავა“, - თქვა სასამართლო სხდომაზე მზია ამაღლობელმა, სანამ მისი წამოწყებული საქმე მოსამართლემ შეწყვიტა.
კიდევ ერთი საქმე ცილისწამებაზე
მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით აკობიძემ 2025 წლის 24 ნოემბერსაც. მოსამართლემ მიიჩნია, რომ უნდა შეეწყვიტა საქმე, რომლითაც მზია ამაღლობელი ირაკლი კობახიძისგან ცრუ ბრალდებების უარყოფას ითხოვდა.
მზია ამაღლობელი სასამართლოსგან ითხოვდა, რომ კობახიძეს უარეყო თავისი განცხადებები:
- 2025 წლის 10 ივლისს „იმედის“ ეთერში გასული კომენტარი, რომელშიც კობახიძე ამბობს: „მათ ჰქონდათ განზრახული საქართველოში ძალოვანი სტრუქტურების დაკნინება იმიტომ, რომ ძალიან კარგად იციან, თუ დაკნინდება ძალოვანი სტრუქტურები, დაკნინდება მთლიანად სახელმწიფო და, რა თქმა უნდა, მზია ამაღლობელმა ამ კუთხით შეასრულა კონკრეტული დაკვეთა... მას ჰქონდა მცდელობა, დაეკნინებინა ძალოვანი სტრუქტურები, დაეკნინებინა პოლიცია“;
- 2025 წლის 23 ივლისს აჭარის ტელევიზიაში ნათქვამი: „როდესაც ვიღაც ასეთი ფორმით აყენებს შეურაცხყოფას პოლიციელს, ეს არის ცალსახად, არა მარტო ფორმალურად, არამედ თავისი არსით, სისხლის სამართლის დანაშაულის შესაბამისი ქმედება... დაკვეთა იყო ის, რომ უნდა დაეკნინებინათ უცხოელ აგენტებს ქართული პოლიცია და ქართველი პოლიციელი. სწორედ ამიტომ ვიხილეთ ის, რაც ვიხილეთ“.
მზია ამაღლობელის საქმე
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 2025 წლის 12 იანვარს დააკავეს პოლიციელისთვის სილის გაწვნის გამო და ბრალი წაუყენეს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით (თავდასხმა პოლიციელზე).
- 2025 წლის 6 აგვისტოს მას ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ნინო სახელაშვილმა 2-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა - ამით მან ბრალი გადააკვალიფიცირა სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველ ნაწილად;
- იმავე წლის 18 ნოემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს კოლეგიამ ნიკოლოზ მარგველაშვილის თავმჯდომარეობით გადაწყვეტილება უცვლელი დატოვა;
- უზენაესმა სასამართლომ საქმე განსახილველად არ მიიღო, რაც ნიშნავს, რომ განაჩენი არ შეიცვალა;
- მას დროზე ადრე გათავისუფლებაზე "უდოს კომისიამ" უარი უთხრა;
- პატიმრობის პირობებში, 2025 წელს მზია ამაღლობელს ევროპარლამენტმა ევროკავშირის უმაღლესი ჯილდო, სახაროვის პრემია გადასცა;
- მზია ამაღლობელის სახელით სტრასბურგის სასამართლოში სამი საჩივარია შესული: არასათანადო მოპყრობაზე, აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობის უკანონოდ გამოყენებაზე და ადმინისტრაციულ დაკავებასთან დაკავშირებით.
ფორუმი