Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მიტროპოლიტი ისაია თავს პატრიარქობის კანდიდატად ასახელებდა, თუმცა უარი უთხრეს - რატომ?

მიტროპოლიტი ისაია.
მიტროპოლიტი ისაია.

საქართველოს საპატრიარქოს პატრიარქობის სამი კანდიდატი ჰყავს, თუმცა მათ შორის არ არის ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია ჭანტურია, რომელსც ამ არჩევნებში მონაწილეობა სურდა. 

მიტროპოლიტმა ამის შესახებ სინოდის წევრებს სხდომის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე, 24 აპრილს აცნობა და მათ არგუმენტები გააცნო, რატომ არ უნდა შეეზღუდათ არააკადემიური სასულიერო განათლების გამო ის.

„როდესაც 1995 წელს წმინდა სინოდის თანხმობით ხელი დამასხეს სპისკოპოსად, ეკლესიამ ამით დაადასტურა ჩემი მზაობა მღვდელმთავრობისათვის. ეპისკოპოსი, თავისი არსით, არის ეკლესიის მასწავლებელი. თუ მღვდელმთავარი აკმაყოფილებს ყველა მოთხოვნას ეპარქიის სამართავად და სინოდის წევრობისთვის, ბუნებრივია, მას უნდა ჰქონდეს უფლება, მონაწილეობა მიიღოს საპატრიარქოს არჩევნებში“, - წერს მიტროპოლიტი წერილში.

მან აღწერა ის მიზეზიც, რის გამოც ვერ შეძლო აკადემიური სასულიერო განათლების მიღება.

„ჩემი სწავლის პერიოდი ქვეყნისთვის ურთულეს წლებს დაემთხვა. მიუხედავად იმისა, რომ სასულიერო აკადემიაში ლექციებს ვესწრებოდი, რეალურმა ვითარებამ აკადემიური სწავლის ნაცვლად სამონასტრო მსახურებისა და უშუალოდ ეპარქიაში მოღვაწეობისკენ მიბიძგა“, - ამბობს ის და დასძენს, რომ „ათწლეულების განმავლობაში ეპარქიის მართვა და ეკლესიის ერთგული მსახურება არის ის ცოცხალი გამოცდილება, რომელიც არანაკლებ ფასეულია, ვიდრე აკადემიური დიპლომი“.

მიტროპოლიტის ეს წერილი, რომელშიც არჩევნებში მონაწილეობის კანონიერ უფლებაზე საუბარი, საპატრიარქოს ფეისბუკგვერდზე გამოქვეყნდა სინოდის სხდომის შესახებ ჩანაწერთან ერთად.

რატომ უთხრეს უარი მიტროპოლიტ ისაიას?

დღეს, 28 აპრილს, დაახლოებით 17:00 საათზე სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტმა ნიკოლოზ ფაჩუაშვილმა თქვა, რომ არც მიტროპოლიტ ისაიას და არც ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილს არ მიეცათ კანდიდატად დასახელების შესაძლებლობა. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, მათთან დაკავშირებით „თვითონ პიროვნებებზე არ ყოფილა ლაპარაკი“, თუმცა განიხილეს ასაკობრივი ცენზისა და განათლების საკითხები.

  • ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულებით, პატრიარქობის კანდიდატი უნდა იყოს არანაკლებ 40 და არაუმეტეს 70 წლის და ჰქონდეს საღვთისმეტყველო განათლება;
  • მიტროპოლიტ ისაიას არ აქვს სასულიერო განათლება, ხოლო მიტროპოლიტი დანიელი უკვე არის 70 წლის.

სხდომის ჩანაწერის მიხედვით, სინოდის წევრებამ იმსჯელეს და მიიჩნიეს, რომ ახალი პატრიარქის არჩევამდე „სინოდს არ გააჩნია დებულებაში ცვლილებების შეტანისა და ინტერპრეტაციების დაშვების უფლებამოსილება“.

სწორედ ამის შემდეგ უყარეს მომავალი პატრიარქობის ექვს კანდიდატს კენჭი.

ვინ იყვნენ კანდიდატები?

კენჭისყრაში მონაწილეობდა სინოდის წევრი ექვსი კანდიდატი:

  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი);
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი);
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი);
  • მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე);
  • ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე);
  • წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია).

მათგან ხმათა უმრავლესობით სამი კანდიდატი გამოარჩიეს.

ვინ მიიღო ყველაზე მეტი ხმა?

სხდომას 38 მაღალიერარქი ესწრებოდა. მათი ხმები ასე გადანაწილდა:

  • საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) – 20 ხმა;
  • მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობი (აქიაშვილი) – 7 ხმა;
  • ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი (ბერბიჭაშვილი) – 7 ხმა;
  • მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მელქისედეკი (ხაჩიძე) – 0 ხმა;
  • ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითე (ბოგვერაძე) – 1 ხმა;
  • წალკელი ეპისკოპოსი გრიგოლი (კაცია) – 2 ხმა.
  • ერთ ბიულეტენზე არცერთი კანდიდატის სახელი არ დაფიქსირდა, ამიტომ ის ბათილად იქნა მიჩნეული.


პატრიარქის არჩევა

როდის აირჩევენ პატრიარქს, ჯერ ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის. მიტროპოლიტ ნიკოლოზის თქმით, ეს 17 მაისამდე უნდა მოხდეს, თუმცა დააზუსტა, რომ თარიღმა შესაძლოა გადაიწიოს, რადგან „ბევრი საორგანიზაციო საკითხია“.

პატრიარქი დასახელებული სამიდან ერთ-ერთი გახდება.

ფორუმი

XS
SM
MD
LG