პასუხის პირველი ნაწილი, როგორც თავად განმარტა, პირადად მის დამოკიდებულებას ასახავდა საკითხისადმი, ხოლო მეორე - საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ პოზიციას.
"სიმართლე გითხრათ, ამდენი წელია ამას ვაკვირდებით, აქტიურად ვმონაწილეობთ, იმდენი რამ გადავიტანეთ. უკვე ვისურვებდით, რომ არა იმდენად ადგილი ვეძებოთ, სადაც მოვილაპარაკებთ, არამედ უკვე მოვილაპარაკოთ, იმედი მაქვს, თქვენც იზიარებთ ამ განწყობას", - მიმართა ზახაროვამ შეკითხვის ავტორს.
ვინ დასვა შეკითხვა?
ზახაროვას შეკითხვა, ბრიფინგზე დისტანციური ფორმატში, თბილისის მერის კახა კალაძის ნახევარდის ქმარმა პაატა აბულაძემ დაუსვა:
"იზიარებს თუ არა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო პოზიცია, რომ მომწიფდა მომენტი მოლაპარაკების პროცესის პრაქტიკულად გადატანისა ჟენევიდან, უფრო საიმედო პლატფორმაზე, რომელიმე მეგობრულ ქვეყანაში, მაგალითად, ჩემს საყვარელ ქალაქ მინსკში? მზად ხართ თუ არა, მხარი დაუჭიროთ ასეთ ინიციატივას"? - იკითხა პაატა აბულაძემ.
ვინ არის პაატა აბულაძე
პაატა აბულაძე, რომელსაც რუსეთისადმი აქვს სიმპათიები, თბილისის მერის, „ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის, კახა კალაძის ნახევარდის, თამუნა კალაძის ქმარია.
ის რამდენჯერმე იმყოფებოდა ოკუპირებულ დონეცკში.
პაატა აბულაძისა და თამარ კალაძის შვილები რუსეთ-უკრაინის ომში რუსეთის მხარეს იბრძვიან.
ის, „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ ლიდერებთან და სხვა პრორუსულ ფიგურებთან ერთად აგროვებს ხელმოწერებს რუსეთ-საქართველოს შორის დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მოთხოვნით.
აბულაძე ამავე დროს არის რუსეთის „სახალხო ერთობის კლუბის“ პრეზიდიუმის წევრი.
ამ კლუბში თავს იყრიან რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეები, მზადყოფნით - ემსახურონ რუსეთის ინტერესებს, მის სუვერენიტეტს, საგარეო კავშირებსა და „ტრადიციულ ღირებულებებს“.
კლუბის ვებსაიტზე მითითებულია, რომ პაატა აბულაძე პარტია „ქართული ოცნების“ წევრია.
„სახალხო ერთობის კლუბის“ პრეზიდიუმში არიან:
- რუსეთის სახელმწიფო დუმის დსთ-ის საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე კონსტანტინ ზატულინი;
- კრემლის იდეოლოგი, ანტიგლობალისტი ფილოსოფოსი ალექსანდრ დუგინი;
- რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, რუსეთის 58-ე არმიის ყოფილი სარდალი, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი გურულიოვი;
- კლუბის თანათავმჯდომარეებს შორის არის სერგეი გლაზევი - რუსეთ-ბელარუსის სამოკავშირეო სახელმწიფოს სახელმწიფო მდივანი.
ზახაროვას პასუხის ოფიციალური ნაწილი
მარია ზახაროვამ თქვა, რომ ჟენევის მოლაპარაკებების სხვა ადგილას გადატანის საკითხი სწორედ რუსულმა მხარემ წამოჭრა რამდენიმე წლის წინ და მას "აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებმა აქტიურად დაუჭირეს მხარი", – თქვა მარია ზახაროვამ.
"ამჟამად, ამ ამოცანის განსახორციელებლად გულმოდგინე მუშაობა მიმდინარეობს, მხედველობაში მაქვს მოლაპარაკების სივრცის ძიება. მოლაპარაკების პროცესის კონფიდენციალური ხასიათის გათვალისწინებით, ნაადრევი იქნებოდა ამ ეტაპზე, განსაკუთრებით საჯაროდ, კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ საერთაშორისო დისკუსიების მომავალი შეხვედრების შესაძლო ადგილმდებარეობის განხილვა, მაგრამ მუშაობა მიმდინარეობს", - თქვა ზახაროვამ.
მმართველი გუნდის პოზიცია
მედიასთან საუბარში "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ჟენევის ფორმატი "მოუქნელია", - როგორც ეს გია ვოლსკიმ განაცხადა, თუმცა ის, რომ "არც ფორმატის, ადგილის, არც ფუნქციის, ან შინაარსის, არც მონაწილეების შეცვლის საკითხი" "არ განიხილება" და არც "არანაირი მოლაპარაკება" არ მიმდინარეობს ამაზე, ეს ევროინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან მახაშვილმა დაადასტურა მედიასთან საუბარში.
ჟენევის ფორმატი და მისი ადგილის ცვლილების თემა
პირველად რამდენიმე წლის განმავლობაში, როდესაც მოსკოვს ჟენევის დისკუსიების სხვა ადგილას გადატანა არ მოუთხოვია, მიმდინარე წლის მარტი იყო. როცა 18-19 მარტს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 66-ე რაუნდი დასრულდა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე 2022 წლიდან ამახვილებდა ყურადღებას, მათ შორის 61-ე, 62-ე, 63-ე, 64-ე და 65-ე რაუნდების შემდეგ გავრცელებულ პრესრელიზებში. ამჯერად ამ საკითხზე არაფერია ნათქვამი სოხუმსა და ცხინვალში გაკეთებულ განცხადებებში.
2022 წლიდან მოსკოვი გამოდიოდა დისკუსიების „უფრო ნეიტრალურ ადგილას“ გადატანის ინიციატივით. ამ პოზიციას იზიარებდნენ რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებიც. მოლაპარაკებების გამართვის შესაძლო ადგილად, მათი მხრიდან სახელდებოდა მინსკი, ნაირობი და ასტანა. რასაც ეწინააღმდეგებოდნენ გაერო, ეუთო და ევროკავშირი.
დისკუსიების "უფრო ნეიტრალურ ადგილას" გადატანის აუცილებლობაზე საუბარი რუსეთმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ დაუწყო, მოსკოვი აშშ-ს, ევროკავშირსა და შვეიცარიას საქართველოსთან დაკავშირებული სამშვიდობო საერთაშორისო მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა.
„ჟენევის მოლაპარაკებები გეოპოლიტიკის მძევლად იქცა“, - აცხადებდა ზახაროვა 2022 წლის აგვისტოში.
მისი ლოგიკით: უკრაინაში სპეცოპერაციის წამოწყების გამო, დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული „არალეგალური სანქციები“ და ვიზებსა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებული „შემზღუდველი ზომები“ ხელს უშლიდა ჟენევაში ჩასვლის შესაძლებლობას.
„დასავლელი პარტნიორები ცალმხრივად ცვლიან „თამაშის წესებს“ და თავად ააქტუალურებენ საკითხს რეგულარული შეხვედრების ჟენევიდან მონაწილეებისთვის უფრო მისაღებ, უფრო ნეიტრალურ ადგილას გადატანის შესახებ“, - აცხადებდა ზახაროვა.
ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეიქმნა. მისი თანათავმჯდომარეები არიან ევროკავშირის, გაეროს და ეუთოს სპეციალური წარმომადგენლები. დისკუსიებში მონაწილეობენ საქართველოს ხელისუფლების, აშშ-ის და რუსეთის და მის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები.
ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებები მიმდინარეობს ორ პარალელურ სამუშაო ჯგუფში.
ერთი ჯგუფი განიხილავს უსაფრთხოების საკითხებს; ხოლო მეორეში იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა დაბრუნების საკითხსა და ასევე, სხვა ჰუმანიტარული პრობლემატიკასა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებს (მშობლიურ ენაზე განათლების მიღება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, საოკუპაციო ხაზზე თავისუფალი გადაადგილება და სხვა).
ფორუმი