Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა ღირს მანქანა აქციზის გაძვირების შემდეგ?

თუ ადრე მანქანის აქციზში 2 000 ლარსაც არ იხდიდნენ, ახლა 9 000 ლარამდეა გადასახდელი. გაძვირებულმა აქციზმა მანქანების ფასებიც გააორმაგა.

აპრილში პარლამენტმა „საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებები შეიტანა. გაიზარდა საქართველოში იმპორტირებული მსუბუქი ავტომობილების აქციზის გადასახადი.

myauto.ge
myauto.ge


აქციზის გადასახადი - არაპირდაპირი გადასახადის სახეობა, რომელიც დაწესებულია მაღალმომგებიან ან სპეციფიკურ საქონელზე მისი წარმოების ან იმპორტის დროს.

„ადრე მანქანის სხვადასხვა ასაკის მიხედვით იანგარიშებოდა აქციზი, ახლა მხოლოდ ორი მაჩვენებელია - ექვს წლამდე და ექვსი წლის ზევით. აქციზის ფასი ექვსი წლის ზემოთ მანქანებისთვის თითქმის ექვსჯერ გაიზარდა, ექვსი წლის ქვემოთ - თითქმის ორჯერ“, - ამბობს "ავტოიმპორტიორთა ასოციაციის" თავმჯდომარე ალექსი ნონიაძე.

  • ახალი კანონის მიხედვით, აქციზის გადასახადი ახალი მანქანებისთვის (მაქსიმუმ 6 წლის) ძრავის მოცულობის 1 კუბურ სანტიმეტრზე 1,5 ლარია, ძველისთვის (6 წელზე მეტის) - 1 კუბურ სანტიმეტრზე 4,5 ლარი.
  • ჰიბრიდული ავტომობილების შემომყვანები ამ გადასახადის მხოლოდ 60%-ს იხდიან.
  • მარჯვენასაჭიანი ავტომობილებისთვის განსაზღვრულია ძირითადი განაკვეთის გასამმაგებული განაკვეთი.
  • ელექტროძრავიანი მსუბუქი ავტომობილისთვის, რომელსაც საჭე მარჯვენა მხარეს აქვს, აქციზი 3 000 ლარია.


შესაბამისად 2,0 ძრავის მქონე 6 წელზე ძველ მანქანებს აქციზის გადასახადი 9 000 ლარი უწევს.

1,5 ძრავის მქონე მანქანებს - 6 750 ლარი.

თუ მანქანა ჰიბრიდია და თან ძველი, შემომყვანს 1,5 ძრავის შემთხვევაში 4 050 ლარი ექნება გადასახდელი, ხოლო 2,0 ძრავის შემთხვევაში - 5 400.

თუ ჰიბრიდული მანანა 2,0 ძრავისაა და ახალი, მისი გადასახადი 3 000 ლარია, 1,5 ძრავის შემთხვევაში - 2 250 ლარი.

1,5 და 2,0 ძრავის მანქანები ყველაზე პოპულარულია, მაგრამ მანქანის ძრავა შესაძლოა კიდევ უფრო ძლიერი იყოს და ამ შემთხვევაში აქციზის ფასიც იზრდება - 3,0 ძრავა - 13 500 - ძველი, 4 500 - ახალი.

ავტომობილების ყიდვა-გაყიდვის საიტებზე ჩანს, რომ მანქანების განბაჟების ფასები ათ და ოც ათას ლარსაც კი აჭარბებს.

myauto.ge
myauto.ge

გიორგი ახალი მანქანის შესაძენად ამერიკულ აუქციონში მონაწილეობს. იმის გამო, რომ განბაჟებაც გაძვირებულია და საწვავიც, გადაწყვიტა ელექტრომობილი იყიდოს.

„ვცდილობდი აუქციონზე Volkswagen ID 4 მეყიდა, 2023 წლის. 13 700 დოლარამდე მივყევი და მერე ვეღარ. ბოლოს 13 800 დოლარად ისევ ქართველმა იყიდა. სულ სამი კაცი ვვაჭრობდით და სამივე ქართველი. ესეც აჩვენებს, რამდენად გაიზარდა მოთხოვნა ელექტრომობილებზე. ბენზინზე ფასი ისე არის მომატებული, რომ ყველას ელექტრომანქანა ურჩევნია. თუ მარტო ქალაქში მოძრაობ, კვირაში ერთხელ დატენაც ჰყოფნის“, - ამბობს გიორგი.

ხელისუფლებამ ამ კანონის მიღება ეკოლოგიასა და უსაფრთხოებაზე ზრუნვით დაასაბუთა. „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გადაწყვიტა, რომ ძველ მანქანებზე გადასახადის გაზრდა მოსახლეობას აიძულებს, უპირატესობა ახალ და მარცხენასაჭიან მანქანებს მიანიჭოს, რაც, თავის მხრივ, გამონაბოლქვსა და ავარიებს შეამცირებს.

ალექსი ნონიაძე ამბობს, რომ რეალურად, პირიქით მოხდება, ხალხი გაძვირებულ მანქანებს ვეღარ იყიდის და ქუჩაში კიდევ უფრო მეტი ძველი მანქანა ივლის. 2026 წლის მონაცემებით, საქართველოში 2 მილიონზე მეტი მანქანაა რეგისტრირებული. აქედან მილიონ-ნახევარზე მეტი მანქანა 10 წელზე ძველია.

„თუ ადამიანს 2013 წლამდე გამოშვებული მანქანა ჰქონდა და გამოცვლას აპირებდა, ახლა ფიზიკურად ვეღარ გააკეთებს ამას. ყველაზე მოთხოვნადი იყო 2,0-ძრავიანი, 2 000 დოლარიანი მანქანა. ადრე თუ დაახლოებით 2 000 ლარს იხდიდა ასეთი მანქანის აქციზში, ახლა 9 000 უნდა გადაიხადო. გამოდის, რაც მანქანაში აქვს მიცემული, ერთი იმდენი განბაჟება უჯდება, ტრანსპორტირებას და სხვა ხარჯებს რომ თავი დავანებოთ. ამიტომ ძალიან ბევრი ადამიანი ისევ ძველი ავტომობილის ერთგული დარჩება და რანაირად გაუმჯობესდება ეკოლოგიური მდგომარეობა?“ - კითხულობს ალექსი ნონიაძე.

myauto.ge
myauto.ge

გარდა აქციზისა, მანქანის შემოყვანისას სხვადასხვა, შედარებით წვრილი მოსაკრებელიც არის გადასახდელი, რაც მანქანას დამატებით ხუთასიოდე ლარით აძვირებს.

„ახლა გარემოს დაცვის სამინისტრო აპირებს მანქანის უტილიზაციის გადასახადიც დააწესოს (მაქსიმუმ 255 ლარი), სავალდებულო დაზღვევის შემოღებაც იგეგმება, კიდევ გაძვირებული საწვავი და ავტომობილი რიგითი მოქალაქისთვის ფუფუნება გახდება“, - ამბობს ალექსი ნონიაძე.

myauto.ge
myauto.ge

„ქართული ოცნების“ მთავრობა თავდაპირველად 6 წელზე ძველი მანქანების შემოყვანას საერთოდ კრძალავდა და საზოგადოების პროტესტის შემდეგ გადაწყვიტა, მხოლოდ აქციზი გაეძვირებინა. თუმცა ექსპერტები ამბობენ, რომ რეალურად ეს ისევ აკრძალვას უტოლდება, რადგან გაძვირებულ მანქანებზე მოსახლეობას ხელი ბუნებრივად აღარ მიუწვდება.

ძველ მანქანებზე რეგულაციების გამკაცრება მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა მას ყველგან არაერთგვაროვანი შედეგი მოჰყვა. ერთი მხრივ, შესაძლოა შემცირდეს გამონაბოლქვი, მეორეს მხრივ კი, მანქანებს ვეღარ ყიდულობს ის ხალხი, რომელიც მანამდე ყიდულობდა. გარდა ამისა, არის რისკი, შავი ბაზარი წარმოიქმნას.

მაგალითად, რამდენიმე წლის წინ მსგავსი რეგულაციები შემოიღო სომხეთმაც, როდესაც ევრაზიულ საბაჟო კავშირში გაწევრიანდა. სომხური მედიასაშუალება news.am-ი წერდა, რომ 2020 წელს სომხეთში 3 წლამდე და 8 500 ევრომდე ღირებულების მანქანების განსაბაჟებელი ფასი მანქანის ღირებულების 54% იყო, პლუს ძრავის თითოეულ კუბურ სანტიმეტრზე - 2,5 ევრო.

ამის გამო 2020 წელს სომხეთმა მხოლოდ 7 300 ავტომობილის იმპორტი განახორციელა, მაშინ როცა წინა წელს 189 000 მანქანა ჰყავდა შემოყვანილი.

  • 16x9 Image

    თეა თოფურია

    რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2012 წლიდან. აშუქებს როგორც მიმდინარე მოვლენებს, ასევე საკითხებს ახლო წარსულიდან. არის ათამდე პროზაული და პოეტური კრებულის ავტორი.

ფორუმი

XS
SM
MD
LG