Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზელენსკიმ ერევანში, ევროკავშირის და ნატოს ლიდერებთან განიხილა უკრაინის სამხედრო დახმარების საკითხები

უკრაინის პრეზიდენტის და ევროკავშირის და ნატოს ლიდერების შეხვედრა 4 მაისს ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტის ფარგლებში
უკრაინის პრეზიდენტის და ევროკავშირის და ნატოს ლიდერების შეხვედრა 4 მაისს ერევანში გაიმართა „ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის” სამიტის ფარგლებში

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ქვეყნის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების, იარაღის მიწოდებისა და ენერგოობიექტების დაცვის საკითხები განიხილა ევროკავშირის და ნატოს ლიდერებთან შეხვედრისას.

  • შეხვედრა სომხეთის დედაქალაქ ერევანში 4 მაისს გაიმართა ევროპული პოლიტიკური გაერთიანების (EPC) სამიტის ფარგლებში.

საფრანგეთის პრეზიდენტთან, იტალიის, ნორვეგიის, პოლონეთის, ფინეთის, დიდი ბრიტანეთის და კანადის პრემიერ-მინისტრებთან, ევროპული საბჭოსა და ევროკომისიის პრეზიდენტებსა და ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ დეტალურად განიხილეს საჰაერო თავდაცვის გასაძლიერებლად საჭირო ევროპული სისტემებისა და რაკეტების წარმოების და პროგრამა PURL-ის მხარდაჭერის საკითხები.

  • მას შემდეგ, რაც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა წინამორბედი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაციის პოლიტიკა შეცვალა და უარი თქვა უკრაინისთვის პირდაპირი სამხედრო დახმარების გაწევაზე, მოკავშირეების მიერ უკრაინისთვის ამერიკული იარაღის შესაძენად ამოქმედდა აშშ-ისა და ნატოს ერთობლივი მექანიზმი(PURL)
  • ამ მექანიზმის ფარგლებში პარტნიორი ქვეყნები აფინანსებენ უკრაინის არმიის პრიორიტეტულ საჭიროებებს ნატოს მიერ მართული ფონდის მეშვეობით.

პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ერევანში შეხვედრის წინ კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ გამოაცხადა, რომ კანადა PURL-ს დამატებით 200 მილიონი დოლარით დააფინანსებს, ნატოს გენერალურმა მდივანმა მარკ რიუტემ კი დაადასტურა, რომ უკრაინისთვის საჰაერო თავდაცვის ანტიბალისტიკური რაკეტების მიწოდება წინა შეთანხმებების ფარგლებში გრძელდება.

უკრაინის პრეზიდენტის თანახმად, ერევანში ევროკავშირისა და ნატოს ლიდერებთან განიხილა ირანში ომის გამო შეჩერებული მოლაპარაკებების პროცესის გააქტიურების საკითხიც, აშშ-თან კონტაქტები და ევროპის როლი ამ პროცესში.

  • აშშ-უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებები შეჩერებულია მას შემდეგ, რაც 2026 წლის 28 თებერვალს შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყეს ფართომასშტაბიანი სამხედრო ოპერაცია.

უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ინფორმაციით, ერევანში მნიშვნელოვანი საუბარი ჰქონდა ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთანაც ევროკავშირის დახმარების პაკეტით მისაღები პირველი ტრანშის გრაფიკზე. ზელენსკის თანახმად, ეს თანხა დრონების ერთობლივი წარმოებისთვის უნდა დაიხარჯოს.

  • ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინისთვის 90 მილიარდი ევროს კრედიტის გამოყოფის საბოლოო გადაწყვეტილება 23 აპრილს მიიღეს.
  • მანამდე კრედიტი დაბლოკილი ჰქონდა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანს, რომელიც თანხმობის სანაცვლოდ მოითხოვდა უკრაინის ტერიტორიაზე მილსადენ „დრუჟბის“ დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას და რუსული ნავთობის ტრანზიტის აღდგენას. ტრანზიტი 23 აპრილიდან განახლდა.


ფორუმი

XS
SM
MD
LG